შიო ლალუაშვილი 🔘გარდატეხა
🔲🔲🔲🔲
1
როცა ტყდებოდა ეს ალვის ხე თვალი დავხუჭე
და ბნელ ხეობას ჩავუხერგე ვიწრო ბილიკი,
მერე კი შიშმა როცა ხველით გული იჯერა
სათავე ვნახე ნაკადულის, მისკენ მივიწევ.
თვალები ფრთხილად ბნელი ქალაქის თავზე ცურავენ
და სახმელეთო მისასვლელიც მაშინ გამოჩნდა,
როცა ნოტიო ღამეებმა ფეთქვა შეწყვიტეს.
ჩვენ ვერ გავიგეთ როდის უნდა გვეთხოვა შველა,
და ნაცრის გუნდებს ნიჟარებში ჯიუტად ვტენით.
საპირისპირო მოხდა მაშინ, როდესაც ვნახეთ
როგორ იცვალა ფერი ჩვენმა ყველა ოცნებამ
და ზურგით მდგარნი მისკენ აღარც შევბრუნებულვართ.
ასე მოდრიკა უსახელო სიცხემ ამინდი,
ასე ვადროვეთ საფეხურებს სიგრძის მატება,
ხელმოსაჭიდად კი მხოლოდ ვერცხლის ხეები შეგვრჩა.
2
ის არსებობდა სახელდახელოდ მტვრიან დღეებში,
ხოლო ღამეში, უმთვარო და უხმო ღამეში
გადაყლაპული ვარსკვლავები თავს ახსენებდნენ.
ის ვინც დავტოვე ღია კარში, მან კი დახურა,
მან ვინც ტირიფის ამოძირკვას ვეღარ გაუძლო
მღვრიე თოვაში სველი ქურქი შემომახურა.
3
ხოლო ლექსები სანიაღვრე არხებიდან ზღვაში შეცურდნენ
და კალაპოტის უქონლობაც მაშინ ვიგრძენი,
როცა სიტყვები ჩემს ზურგს უკან ნიჩბებს უსვამდნენ,
მივყავდი იქით სადაც ქვიშა მსუყედ გვკვებავდა,
სადაც სიზმრები ხაფანგებად ფრთხილად დაგვიგეს
და ვიწრო გზები გაფართოვდნენ წვიმების შიშით.
მას გავატანე ჩემი სათქმელი და გზაში მოკვდა,
მას გავუხარჯე მთელი საგზალი და გზაში მოკვდა,
მას შევატოვე ჩემი ბარგი და გზაში მოკვდა.
და იქ მიღწეულს ხეობები წასული დაგვხვდნენ,
უკან კი მარტო მომიწია გზის გამოგნება.