ვიზუალური ხელოვნება

ნინო ამონაშვილი 🔘აბსტრაქცია ქაოსში

საზოგადოებისთვის ხშირ შემთხვევაში არსებობს მრავალი საერთო პრობლემა, რომელიც ხანდახან ძალიან მსგავსია ერთმანეთის დასაწყისით და დასასრულით. სხვადასხვა ისტორიას ხშირად ვაერთიანებთ ერთ კონკრეტულ სახელში და არ გამოვყოფთ საუბრის დროს, სწორედ იმ მიზეზით რაც ზევით დავწერე.

ავტორის ნამუშევრებში, სადაც ის იყენებს ადამიანებს, რომლებსაც ნაკლებად, ან სულაც საერთოდ არ ეთქმით ინდივიდები, რადგან კონკრეტული ინდივიდუალური სახის ნაწილები არ აქვთ და მიუხედავად ამისა მათი ამოცნობა ამ გამქრალი ნიშნებით რამდენადაც შეუძლებელია, იმდენადვე შესაძლებელია მათში იმ განწყობების დანახვა რაც გარკვეულწილად ასოციაციურად გვაკავშირებს მათ პირად ისტორიებთან, სადაც ისინი ან მარტოები არიან, ან ვინმესთან ერთად. ავტორი მარტივი ფორმებით და ენით გადმოგვცემს შედარებით რთულ ფსიქოლოგიურ მომენტებს ადამიანის ცხოვრებისას. 

პერსონაჟების შიშები საგრძნობია. ხშირ შემთხვევაში დამალვას ამ ადამიანებს საზოგადოება აიძულებს, ზოგჯერ კი საკუთარი თავი, ან სულაც ვინმე კონკრეტული, რასაც ისინი მიჰყავს დაღლამდე, სასოწარკვეთამდე და გაურკვევლობამდე, აქამდე მიჰყავს იმ შიშებს, რომლებსაც ადამიანი განიცდის ყველაზე ხშირად მაშინ როდესაც მარტოა. ისინი თითქოს არიან თვითგამორკვევის პროცესში, სადაც არკვევენ საკუთარ იდენტობას. 

ნათია საპანაძე ამ არც თუ ისე მარტივ „ამბებს“ გვაწვდის ნათელი ფერებით და არაზუსტი ფორმებით, კომპოზიციური უზუსტობით, სადაც მთავარი აქცენტი პერსონაჟებზე კეთდება მათ განწყობებსა თუ ყოფით ამბებზე, ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთებზე.

  ავტორს არ აინტერესებს კონკრეტული სახეები ინდივიდების, მას აინტერესებს მათი მდგომარეობა იმ სივრცეში სადაც ისინი იმყოფებიან... მის ნამუშევარში „მეორე დღე“ ვხედავთ ქალის და მამაკაცის გამოსახულებას, რომელთა სიყვარულის ფორმაც, ვიღაცისთვის შეიძლება ახლობელი და ნაცნობიც კი აღმოჩნდეს. კაცი რომელიც საწოვარით არის და პატარა ბავშვის მდგომარეობაში უფრო შეიძლება იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგნობა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. საწოვარიან მამაკაცს შევხდებით მის სხვა ნამუშევრებშიც. 

ნათია საპანაძე მაყურებელს აცდის, რომ მან თვითონ გადაწყვიტოს კონკრეტული პესრონაჟების ვინაობა, ან თვითონ შეკრას მთლიანი ამბავი. მისი აბსტარქციებიც ქაოტური უწესრიგობით გამოირჩივა, მაგრამ მათშიც იწყებ იმის ძებნას, იმის ამოცნობას, რაც გადაწყვეტს შენს დამოკიდებულებას ნამუშევართან.  

პიროვნული დილემა კარგად ჩანს „სარკე მისჯილში“, ყოველდღიური რუტინის კვალი, რომლის გადალახვაც ადამიანს უწევს და ეს რუტინა ხშირ შემთხვევაში ქალებისთვის უფრო მტკივნეულია და უფრო დამღლელი, განსაკუთრებით კი სარკესთან დგომის მომენტში. რა თქმა უნდა რუტინის კვალს ვერც მამაკაცები გაურბიან და „დაღლაში“ ძალიან კარგად იგრძნობა გარემოს ეს ზეგავლენა, რომლისგან გაქცევაც ზოგჯერ გვიჭირს, ან უბრალოდ შეუძლებელი გვგონია და ფარხმალს ვყრით. 

სარკე მისჯილი

სწორედ ამ რუტინისა და დაღლის წყალობით, ავტორის ნამუშევრებს ნეგატიური ფონიც კი დაჰკრავს , რადგან მათში იმ ერთფეროვანი ყოველღიურობის დრამა ვითარდება, რაც ხელს უშლის ადამიანს განვითარებისთვის, წინსვლისთვის, ზრდისთვის და ნაწილობრივ უიმედობასთან მიჰყავს, სადაც ის უკვე თავის დაკარგვას იწყებს და მარტო ყოფნით ეშვება დროებით კომფორტში. ეს ყველაფერი მთლიანობაში ნამუშევრებს დაძაბულს ხდის.