ანი ცხვედაძე 🔘 სიყვარული – გადარჩენის გზა
სიყვარული. სიყვარული.. სი-ყვა-რუ-ლი… ეს “სიტყვაა” ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და მამოძრავებელ-წარმმართველი რეჟისორ საბა ასლამაზიშვილისთვის, რომელსაც როგორც დომინანტურ ლაიტმოტივად იყენებს თავის სპექტაკლ-პერფორმანსში, სოციალურ პერფორმატიულ აქტში – დ. კლდიაშვილის “უბედურების” მიხედვით შექმნილ წარმოდგენაში…
უბედურება, რაშიც მოიაზრება უპირველესად ყველასთვის დიდი და ცალსახად ინფერნალური ტრაგედია “სიკვდილი” და მისი გარდაუვლად მოახლოების შიში…
ხუთი პერსონაჟით ნათქვამი სასოწარკვეთა, გამოუსწორებელი ნიჰილიზმი, იმედი-ც თითქოს შიშნარევი ბარბაცით და დაურწმუნებლობით ნანატრი “იმედის” ამაო ან გააზრებული მოლოდინი, მისი სიხარულის “წინასწარ შეგრძნებით” გამოწვეული ირაციონალური განცდები… მარტოობის, უსასოოდ მიგდებულობის ფართო კონტექსტით წამოჭრილი პრობლემა ჩვენი, ყველა დროისა და სივრცის საზოგადოებისთვის ავად-აქტუალური სადარდელია და ბოლოს, გაუთავებელი დაუკმაყოფილებლობა-წუწუნის ფონზე გამკრთალი იმედის ნაძალადევი ნაპერწკლის კვალად, ღმერთს მინდობილი საზოგადოებების უმოქმედობის პარალელურად თავს იჩენს—-ზოგადსაკაცობრიო, ეგზისტენციალური კატეგორიის საფიქრალი: – ანუ “საკუთარ თავზე ზრუნვის პრეფერენციული მიდგომა” და მასთან მუდმივ კოლიზიაში მყოფი ადამიანი!
- მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი კი, არავის გაგვიკვირდება, რომ საზოგადოებრივად მასშტაბური ტრაგედიების მიჩქმალვას იწვევს. საბოლოოდ კი, ერთ დიდ, გამოუსწორებელ “უბედურებას” ვერაფრით გადაურჩება ვერცერთი საზოგადოებრივ-სოციალური კოლექტივი..
სიკვდილის გარდაუვლად მოახლოების ინსტინქტურ თუ გააზრებულ მწვავე ფრუსტრაციას!.. ჩემი სუბიექტური ხედვით, ქართველმა რეჟისორმა მხატვართან(თეო კუხიანიძესთან)ერთად – ბერძენი რეჟისორის ანგელოპულოსის დიდებული სურათების ერთგვარი არეკვლა მოახერხა ჩვენი დროის კონტექსტიდან, ვიზუალური სივრცის ტექსტუალურ ნაწილთან ესოდენ ორგანულად ან ნატურალისტურად შერწყმის თვალსაზრისით.
კონცეფციის ავტორი სპექტაკლ/პერფორმანსის, როგორც ექსპოზიციურ ისე აკორდულ რეგისტრებში განგებ იყენებს დომინანტურად აღნიშნულ “სიყვარულს”, როგორც აპრიორულად ყველაფერზე მაღლა მდგომ “გამოსავალს”, ერთგვარად, გნებავთ ბუკვალურად “გადარჩენის” გზას(!).
თითქოს და მივიწყებული, ვერშესახები მძაფრი შეგრძნების უნარისადმი კონცენტრირების გარდაუვალობაზე მიზანმიმართული აქცენტირებით: ერთნაირად ძლიერი სამსახიობო ჯგუფის მხრიდან: ჩუმად, ხმამაღლა, ხან კი მელოსით ნათქვამი-წარმოდგენის განმავლობაში მშვენიერ “რეპრიზად” ქცეული სიტყვა “სიყვარული” – მსახიობების: მარიამ ჩუხრუკიძის, ხათუნა ბერძენიშვილის, ნიკა ფაიქრიძის, ნიკა ნანიტაშვილისა და ბაჩო ჩაჩიბაიას სხვადასხვანაირად მჟღერი არტიკულირებით წარმოთქმული ფართოკონტექსტუალური მიმართვა-გზავნილია, როგორც უპირობო გამოსავალი, რომელიც დასკვნით მიზანსცენას კრავს… და ‘ასრულებს ამბავს’.
ფოტები 🔻Mike Mekh