სალომე კვირიკაშვილი 🔘 შენ-ობა
⬛ ⬛ ⬛ ⬛
შენ გინდა შეეხო ჩემს სხეულს სწრაფად
და კბილებით დაეუფლო ჩემს მოღერებულ ყელს,
მაგრამ მე ვამჯობინებ წასვლას მასთან,
ვინც ნელა მადებს ლოყას ლოყაზე და
მეუბნება, რომ მაისის მზესავით თბილი კანი მაქვს.
ჩვენ ვიყავით ერთნი.
და ახლა, ზამთრის მიწურულს, მე ისევ ფეხშემოდებული ვზივარ
ჩემი სახლის აივანზე და ვუყურებ ხეებს, რომლებსაც
აგერ უკვე სამი თვეა დაცარიელებიათ გარდერობი.
სივრცეში მოძრაობა ისევ მპირდება გადარჩენას.
ჩემი ქალაქი მპირდება გამოსწორებას და წარმატებებს.
ის, რომ ზამთარი ყველაზე დიდ ხანს გრძელდება
და ბოლო არ უჩანს ჩემი საცვალივით სველ და ცივ ღამეებს.
რომ უნდა მოთოვოს, რომ მომინდეს შენთან ყოფნა და
კუდაბზიკური შენიშვნების მოცემა, თუ როგორ
არ გეყინება ფეხები თხელძირიან საზაფხულო კედებში,
როცა ჯერ სულ სამი დღეა, დადგა თავკერძა თებერვალი.
თვე, როცა მივხვდი რომ სამყაროს ერთადერთი დანაშაული
ის არის, რომ ისეთია, როგორიც არის.
დღეები ნიშნის მოგებით მაუწყებენ, რომ მომავალში მირბიან,
მე კი ისევ ვფიქრობ , რა საოცარი პროცესი იქნებოდა,
ამელოკა შენი რუტინების მტვერი და სხვა ორგანულ
სითხეებთან ერთად გადამეშვა მუცელში,
რომელიც ორი დღეა გაუთავებლად მიბუყბუყებს.
ცალ-ცალკე ყოფნის დროს ფეხებს მივატრიალებდით
იმ ქუჩის კუუთხეებისკენ და მოვუსმენდით იმ მუსიკას,
რომელიც ერთმანეთის კისრის სუნს გაგვახსენებდა.
ვიქნებოდით ასე ერთნი, ბერჯერ და არა სამუდამოდ.
სულში ჭაღარების გაჩენასაც აგარიდებდი.
ბოლოს და ბოლოს შევწყვეტდით საკუთარ თავთან ბრძოლას.
მე კი დაგიკრიფავდი სიმშვიდეს, ბალიშზე დანერწყვებულ ფიქრებს
და მარტოობას, რომელიც სამარადისოდ გვაერთიანებს.
⬛ ⬛ ⬛ ⬛
მესმის სიამოვნების შორისდებულები და
უცაბედად ვიღებ გადაწყვეტილებას, შევეხო საკუთარ სხეულს.
რაოდენ დამანაღვლიანებელია, ცხოვრება
გეჩვენებოდეს აზრის მატარებლად.
შენც წევდე ყოველ დილით ბალიშიდან თავს,
იხეხავდე სიმინდის ფორმის კბილებს,
მიდიოდე უმაღლესი განათლების მისაღებად,
კონსპექტებს პრობლემებივით იყრიდე თავზე,
უსათნოესი მზერით უღიმოდე შაბიამნისფერ ადამიანებს
და ბოლოს მაინც აცხადებდე, რომ გაზაფხულის და შემოდგომის
თბილ და ფერად დილებს დეკემბრის ცივი ღამეები გირჩევნია.
გაყინული ცხვირი,
გრძნობადაკარგული უფუნქციო ფეხის თითები
და გარეუბნის უნაყოფო სიჩუმის სმენა.
გეტოების მასტურბაციის სურნელი და
ოღროჩოღრო ასფალტი, რომლის რესტავრაციასაც
ადგილობრივი მთავრობა აგერ ერთ კვირაში დაიწყებს.
იძინებდე დილის ოთხის ნახევარზე.
უყურებდე საბჭოური ბინის მრავალნაწილიან ფანჯარას
და ცხოვრებისეულ ტრიუმფად მიგაჩნდეს,
ზუსტად დაითვალო რამდენი ნაწილისგან შედგება ის.
უსმენდე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი სხეულის
სხვისაში გამოვლება უნდათ
და ოჰ, თურმე რა საოცარია ადამიანთა
სხეულების ღვთაებრივი შერწყმის იდეა.
იწყებდე საცოდავად ლექსის წერას, თითქოს ეს
გამოსავალი იყოს და შენს უსუსურ
დრამებს რაიმე როლი ჰქონდეს ზოგადსაკაცობრიო
დაჭიანებული ფონის განმუხტვაში.
და მე, როგორც გარდატეხის ასაკიდან ახლადგამოჩეკილი
პერსპექტივიანი ახალგაზრდა, ვამბობ,
რა აზრი აქვს ყველაფერს?
ყველაფერს აქვს აზრი, თუმცა, სამწუხაროდ, არანაირი.
საკუთარი ასოციალურობის გამოსახატავად ისევ სოციალურ
ღონისძიებებში გარევა გიწევს და ეს გულის ამრევია.
გინდ გულის გამამიწისძვრებელი მუსიკა შექმნა,
გინდ შენმა ლექსებმა ის საშუალო სტატისტიკური ყლექალები დაასველონ
და იმპოტენტ მამრებს ერექციული ფუნქცია აღუდგინონ,
რა აზრი ექნება?
გადამწყვეტ მომენტში შენს გალაქტიკისხელა სიყვარულსაც
ყლეზე დაიკიდებენ და მიხვდები, რომ ტყუილად
გიხაროდა ადამიანების მიერ საკუთარი
თავის ბიბლიასავით გადაშლა,
რადგან შენი სახელი ბოლო ფსალმუნში ისევ არ წერია.
ვწუხვარ, რომ ფიზიკურად აუტანლები ვართ.
ძალიან ვწუხვარ.
რომ ცაში ახედვას ხშირად მიწაზე ყურება გვირჩევნია.
მიწაზე რომელსაც ნაყოფის პერსპექტივაც კი დაკარგული აქვს
და გვალვისგან ბზარები უფართოვდება.
ბზარებში კი ჩვენი სხეულები, ფეხის ფრჩხილებიდან დაწყებული,
მუქი შავი თმით დამთავრებული,
დროის გასვლასთან ერთად,
დაუნდობლად,
და
შეუნდობლად,
ცხოვრებისგან პანღურამორტყმულები ჩაიყლაპებიან.
⬛ ⬛ ⬛ ⬛
როცა ცებმა ერთმანეთის სიყვარული ისწავლეს,
დედამიწა ორბორბლიან ეტლში
ჩაჯდა და მარტოობა საბნად გადაგვაფარა.
სილამაზემ ადამიანები დაკარგა
და სამყაროსგან ზურგით დაჯდომა გადაწყვიტა.
მე ვერცხლისფერ ლიანდაგზე
წონასწორობის სრული დაცვით მივაბიჯებ
და ლოყა ძალიან მეფხანება.
სიყმაწვილის წლებივით აღგზნებული ორივე ხელი
სიმეტრიულად მაქვს გაშლილი და ვფიქრობ,
რა ფერია ბედნიერება,
რისი სუნი ასდის და
აქვს თუ რა შუს გემო.
ჩემს მეგობარს თავზე აგანავლებენ და ჩვენ ვფიქრობთ,
რომ ბედნიერება წვერებიანი ბაბუაა,
რომელიც სევდიანად გვარწმუნებს საკუთარ არსებობაში.
მე არ მინდა ტრაკგასიებული კაპიტალისტების
ტუალეტის ქაღალდი ვიყო,
მოოქროვილი უნიტაზი,
მომრგვალებული ხუთი თითი
და არც მათი შეტყუპებული საჩვენებელი და შუა თითი.
ოცნებების დელგმა მინდა მაწვიმდეს ცისარტყელიანად
და ყოველ დღე პრაგმატიზმს ვარწყევდე.
სიყვარულობას ზანგის ფალოსივით ბოქლომი
არ სჭირდებოდეს და ჩვენ არანამდვილობა
კუჭს არ გვიშლიდეს.
სიყმაწვილის წლებივით აღგზნებულია ჩემი ხელები,
ფერადი ფოთლებისგან ყვითელი მზით
განათებულ გზას ასუფთავებს.
სიყვარულს ეძებს და სურს, გაიგოს,
რა ფერია ბედნიერება,
რისი სუნი ასდის
და აქვს თუ არა შუს გემო.