პროზა

ლელუკა ლაშხი 🔘 როცა ჩემი შვილი

ძალიან ხშირად იცვამს ჩემი შვილი მაისურებს უკუღმა. განა ამობრუნებულს. ყელის მხარეს, კისრისკენ.

მე არ ვეუბნები, რომ სასწრაფოდ შეიბრუნოს. ვზივარ, ან ვდგავარ და ვუყურებ.

როცა ვიკენდია და არსად მივდივართ, გვიანობამდე წევს ლოგინში, უყურებს ფილმებს, იქვე საუზმობს, პირს არ იბანს, თმას არ ივარცხნის. მე არაფერს ვეუბნები. ვზივარ და ვუყურებ, ან ვდგავარ.
როცა თავის ნივთებს ურევს ერთმანეთში, რომელიც მე იქამდე საგულდაგულოდ დავალაგე, თითქმის ჩუმად ვარ ხოლმე. ბევრჯერ ვბრაზდები და იმ ბურთს, გაბრაზებისას, სასულეზე რომ მადგას, ნერწყვს ვიგროვებ და უკანვე ჩამაქვს. ვზივარ და ვუყურებ, ან ვდგავარ და ისე.

რასაც ხატავს, ან აწებებს უბრალო, ფერად აპლიკაციებს, კედლებზე აკრავს. მე არაფერს ვეუბნები. ვზივარ, ან ვდგავარ და ისე ვუყურებ.

ოდესმე ეს ყველაფერი ხომ აუცილებლად დასრულდება.
დიახ, რასაკვირველია, რომ დასრულდება!

ის გაიზრდება. სხვა სახლში გადავა. ან ჩემ სახლში იქნება ისევ, მაგრამ მაისურებს ყოველთვის დაკვირვებულად, საყელოს ყელის ადგილზე ჩაიცმევს და კისერს კისრის ადგილას.
ლოგინიდან ადრიანად წამოხტება, სამსახურში წავა, ან შეყვარებულთან შესახვედრად და ლოგინში ჭამა დიდი ხნის დავიწყებული ექნება.
პირად ნივთებს, არასათამაშოებს, შეიძლება სათამაშოებსაც, ნაკლებად აურევს და არც კედლებზე მიატყლეპებს ყველაფერს, თავისას, შედევრები რომ ჰგონია ახლა. თუმცა შედევრებია, რადგან ეს მან შექმნა. სულერთია როგორია. მისია და განუმეორებელი.
იმ დროისთვის, კი მისი ოთახისა და სახლის კედლებზე, ან შაგალის, ან ვინმე კინ ძის, ან შეიძლება უკვე ცნობილი ხელოვანის, შიო ორაგველიძის რამე შედევრი ეკიდოს.

მე კი ბედნიერი ვიქნები რომ არაფერს ვამბობ და უბრალოდ შემიძლია ვიდგე და ვუყურო. ან ვიჯდე და ამას ისე ვაკეთებდე.