გვანცა აგირბაია 🔘 ფერ წერა
მე ვარ გვანცა აგირბაია 19 წლის, ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, თეატრის მხატვრობის მეორე კურსზე, ეს პროფესია ავირჩიე, იმიტომ რომ არის ძალიან მრავალფეროვანი, გაძლევს უამრავ შესაძლებლობას და რაც მთავარია მთლიანად შენზეა დამოკიდებული, თუ რას შექმნი იმ პატარა ყუთში, რომელსაც სცენა ჰქვია და როგორ წარმოუჩენ მას მაყურებელს.
რაც თავი მახსოვს სულ ვხატავ, ერთი წლის ასაკიდანაც კი, როგორც ეს სხვა ბავშვებს სჩვევოდათ, თუმცა საბოლოოდ მხატვრობა ჩემთვის გახდა არსებობის აზრი და მიზანი, მის გარეშე ჩემი ცხოვრება არც კი წარმომიდგენია. ვფიქრობ, რომ ხელოვანისთვის უმთავრესია ფიქრი, შემდეგ კი ამ ნაფიქრისა და ნააზრევის გადმოტანა ტილოზე. მხატვრობის გარდა დაინტერესებული ვარ კინემატოგრაფიით და ვფიქრობ ჩემი კვალის ამ სფეროშიც დატოვებას, მით უმეტეს ზემოთ აღნიშნული ორი სფერო ერთმანეთთან იმაზე ახლოსაა ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია. ჩემი რეჟისურით დაინტერესებაც ჩემივე მხატვრობის (არამარტო) დამსახურებაა, როდესაც გადავწყვიტე, რომ ის ყველაფერი რასაც ტილოზე გადმოვცემდი გამეცოცხლებინა.
ჩემი ნამუშევრების უმეტესი ნაწილი შესრულებულია ფერწერაში, ხოლო მიმდინარეობა განეკუთვნება სიურეალიზმს, ვგონებ აქ თავს ყველაზე კარგად გამოვხატავ და ვგრძნობ. თავდაპირველად ჩემს ნამუშევრებთან გამოთხოვება ძალიან მიჭირს, რადგან თითოეული მათგანი დატვირთულია ძალიან პირადული ელემენტებით და არა მხოლოდ, თუმცა მინდა ხალხმა ისინი გაიცნოს და მოაგონოს მათ თავიანთი წარსული, ტკივილი, სევდა თუ ა.შ