პოეზია

გიორგი ჩუთლაშვილი 🔘 ლექსები

დანაკარგი
1
დროდადრო ვკარგავ ღრუბლებს შორის ტერიტორიებს.
ტერორისტის ყუმბარასავით ხელში უიმედობის
ჯოხი მიჭირავს და ვისზე
გადატყდება თუ არა ჩემზე?!

დროდარდო ციდან მეტეორის მსგავს პურს მესვრიან,
ვიღაცის მკვდრები…
ჩემმა მკვდრებმა კი, ნუთუ დამივიწყეს?
ნუთუ წაუყრუეს,
ჩემს თამაშის წესებს
და მტვირთავი გამხადეს
თავიანთი განსაცდელების?!..
ნუთუ ის ხმა, რაც მიწის ზედაპირზე დაცემისას
აღმომხდა, ვერ გაიგეს?
და თუ ვერ გაიგეს,
ვერც ჩემს ვითომ – უდარდელობას
ვერ წამოიყვირებენ.
ვერც ჩემს სახეს ვერ ამოჭრიან
მიწის ძირიდან…

2

დროდადრო ვაჯამებ ჩემს დანაკარგს;
სახეებს – სახლებს
ღრუბლებს – საყვარლებს
ჩიტებს – თვალებს
ცდუნებებს – დღეებს…
და მინდა მეგონოს, რომ არ შემშლია
ის ადგილი, სადაც
დიდი დანაკარგით გაქონილ ტანს
ზანტად მივათრევ…
და მინდა მეგონოს, რომ არ შემშლია
სააქაო…
და მინდა მჯეროდეს, რომ საიქიოც
არ შემეშლება…

⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛

მშრალი თევზის წონასწორობა

წყლიდან გაუფრთხილებლად ამომიყვანეს
და ახლა ღელავენ, რომ
ამაზე კრინტი არ დავძრა.
ცივ მიწაზე არ წამოვწვე.
ღამე ვარსკვლავებს არ ვუყურო.
დილით ვინმე არ შევიყვარო.
საღამოს ვინმე არ შევიძულო.
ღრუბლის ფსკერზე ჩემი ცოდვები
არ ამოტივტივდეს
თვითმფრინავივით
და ძლიერი ქარის საშიშროება
არ ვიგრძნო.
ჩემი მზერა ვიღაცის მიწამ
არ ჩაყლაპოს.
მოულოდნელად, არ გავცივდე
და სიზმრების ანთება არ დამემართოს.
შუბლზე ნაოჭები არ გამიჩნდეს
და ნაოჭებს შორის მზე არ ჩავიდეს
სამუდამოდ…
კისრიდან ოფლის ნაცვლად
ათასერთი სიცოცხლე არ მოვიწმინდო
და უცებ სიმსუბუქე არ ვიგრძნო.
ჭვავის პურიდან ნამცეცები არ ამოვძირკვო
და ზამთრის ბეწვი არ მიმეკროს მარჯვენა
ხელის საჩვენებელ თითზე,
მარცხენა ხელით კი ჰაერი არ ჩავხუთო.
ჭიქა წყლით არ ავავსო და
თავი არ დავიხრჩო სხვის ჭიქაში,
ან, ონკანის წყალმა არ წამიღოს
გაურკვეველი მიმართულებით…

წყლიდან გაუფრთხილებლად ამომიყვანეს
და მიუხედავად იმისა, რომ მათი სახეები
შმიტის ,,ნოეს შვილივით“ მახსოვს,
თავს ვიმაგრებ და ამის შესახებ
არაფერს ვამბობ…

⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛

ევა, მე შევცდი. ადამ, შენ შეცდი

ევა, მე ერთხელ „თევზის ხიდზე“ წყალი ჩამიტყდა,

მიწაში ჩავვარდი და ახლა მიწიდან გელაპარაკები…

                           1

ბრინჯის ყანიდან, როცა ჩემს ჩრდილს

შორს ვაცილებდი და სიბრიყვის ქუდს

ცისკენ ვისროდი,

შენი ხმა მომესმა, ევა,

შიშველი ვიყავი და შემრცხვა.

შენ არ გამოჩნდი და შემრცხვა.

თითქოს მხრებზე თოვლივით

დამედო წარსული და შემცივდა კიდეც…

ევა, მე შევცდი, როცა მოვისურვე,

რომ ჩემი სიკვდილი სამოთხის იატაკივით

მომეპრიალებინა,

ზედ, ფეხი ამცურებოდა და მერე,

შენ გულიანად გეცინა ჩემზე,

თან იმედგაცრუებაც გამოგეხატა…

„სიკვდილს მასტიკა არ უხდება!..

მისტიკა?!

  • დიახ…“

ევა, მე შევცდი, როცა მეგონა, რომ დროს

სიტყვები აღარ ეყოფოდა ჩვენთვის სათქმელად

და ერთ ჩვეულებრივ, პირქუშ ღამეს

სუყველას ერთად ჩაგვიფიქრებდა

საკუთარ გულში, როგორც:

ღრუბელი – ცისარტყელას.

ტყუილი – ნუგეშს.

სირცხვილი – ტკივილს.

მეგონა, რომ დრო პირქუშ ღამეს

ჩაგვიფიქრებდა საკუთარ გულში

იმის დასანახად, ვინც ჩვენ მოგვიხმო

ზამთრის სუსხში, გამთენიისას…

ევა, მე შევცდი, როცა ხანძარი გავაჩინე

სირცხვილის ბაღში, მაგრამ

შენ არ შემცდარხარ, როცა ადამი გააჩინე

ამ ხანძარივით

და სიცრუე დაწვი ჩემი წიგნივით…

„აღარ მინდა იმ წიგნის გახსენება!..“

ევა, მე შევცდი, როცა შევბრუნდი

დაუმორჩილებლობის პორტრეტისკენ

და ვტკეპნე ჩემი დაბადება

უცხო სხეულის ნატკენ მხარზე

ზამთრის თოვლივით,

ნაფეხურებს რომ აღარ იმჩნევს

და სულ ახლიდან ჩნდება.

ევა, მე მხოლოდ მაშინ არ შევმცდარვარ,

როცა ვთქვი, რომ შენს სიცოცხლეში ბეწვი დავინახე,

ჩემში კი დირეც ვერ შევამჩნიე.

სიყვარულში კი, პირიქით…

ჩემს სიყვარულში დირე დავინახე,

შენს სიყვარულში კი ბეწვი ვერ შევამჩნიე…

ევა, მე ვიცრუე, როცა გითხარი:

აჰაა, წაიღე ჩემი ხორცი

სხვის დანთებულ ცეცხლთან გამთბარი.

სხვის ღამეში გამოღვიძებული და

დეკემბრის უამინდობებით გამოფიტული.

ევა, მე ზამთარი გადამიბრუნდა

სადღაც, ფეხივით და ფეხი სიბრალულივით…

ევა, მე ენაზე და ჩემს დარჩენილ ცხოვრებაზე

ერთნაირად ვიკბინე…

ევა, მე შევცდი…

                     2 

ადამ, შენ შეცდი, როცა ჩვენს ანტიკურ

და მოდერნისტულ სიზმრებს და შიშებს

როგორც მეძავის გაუხეშებულ კანს,

ისე დაუწყე ხელის ფათური და

წამით არ შეგრცხვა…

ადამ, შენ შეცდი, როცა მტვერი დაიდე

აწმყოზე და სიფხიზლის და სიფრთხილის

მაგიდა არ გადაწმინდე…

ადამ, შენ შეცდი.

მიწიდან იყავი აღებული

და წყლიდან აღებულს დაემსგავსე…

სასოწარკვეთილების

ტბაში გაცურე

და ახლა იხრჩობი

არა წყალში…

არა მიწაში…

არამედ, საკუთარ გულში…

„ადამ, წყალი და მიწა შენი ცრემლიდან ჩუმად ავიღე

და არ ავამღვრიე…“

სისულელეა ადამ, ჩემი ძმა გერქვას.

ყავახანაში ვისხდეთ და ყავას ვწრუპავდეთ.

ლუდხანაში ვისხდეთ და

ლუდს და თევზს მივირთმევდეთ.

სხვების ცოდვებს თვალით ვჭამდეთ,

ჩვენსას კი, ხელით,

და ვძღებოდეთ;

პურით,

თევზით

და

ათასი ცოდვით…