პროზა

ცოტნე ავსაჯანიშვილი 🔘 სელია

წერილი სელიას

სიგარეტს აჯდებიან ეს ბოზები. ჯარში მაინც ვიყო… ტაბაკი ბევრი იქნებოდა.  ან შენ გამომიგზავნიდი. ახლა იმაზე მეტად ვნერვიულობ, ვიდრე ორმოცდაორში, ბუენოს აირესიდან ჩამოსული პუტანკა რომ შემიყვარდა და შენ ბარში არ მიშვებდი, დაგკერავს, ტვინს აგირევს და მერე  წამომაძახებენ შენი რძალი ჩათლახიაო. 

შენ იმიტომ არ მიშვებდი გარეთ, რომ ცუდი გოგოები არ მენახა. მამა კი იმიტომ, რომ ქალაქის ცენტრში მიტინგებისთვის არ მეყურებინა. თუ გაგიხარდება გეტყვი, რომ მამაზე უფრო ვბრაზობდი. იმიტომ, რომ  ბევრ აფრიალებულ დროშაზე და ხალხის საერთო ღრიალზე უფრო  მაგრად მიდგებოდა, ვიდრე იმ დედაქალაქელ წაკლაზე. ეხლაც მასე ვარ. მთელი ცხოვრება მასე ვიყავი. საოცარი იყო როცა მე წინ მივდიოდი, უკან დროშები და მესმოდა ექოები. გაბრაზებული ხალხის გინება. ბედნიერი ხალხის ლოზუნგები. მაგრამ მაინც უნდა გაგეშვი ხოლმე ბარში. 

სელია, გახსოვს მე და შენ ერთად რომ ვნახეთ ქოხი ფერდობზე? მაშინ მეუბნებოდი,  ცალკე  ტყეებიდან ამოშვერილი ფერდობიც მშვენიერი რამაა და  ქოხიც უხდება ნახატზე გაკეთებული წარწერასავით, რომელიც როგორც წესი ავტორის ფრანგული გვარია ხოლმეო. მიხსნიდი, სილამაზის დანახვა ყველაფერში უნდა დაამუღამო და მერე მასზე ილაპარაკო, რადგან კარგი უნარები გადამდებიაო.  

მერვე კლასში ექსკურსიაზე რომ წამომყევი, მაშინ ვნახეთ ეგ ქოხი, სადღაც მივარდნილ სოფელში, ჩილეს საზღვართან.   

ისე ძალიან არ მსიამოვნებდა სკოლის ექსკურსიებზე რომ მომყვებოდი ხოლმე. მაგარს ვიწელებოდი, დალევა მინდოდა, ფლირტი მინდოდა… მარა შენ იქ იყავი. დაკომპლექსებული ვიჯექი ხოლმე ავტობუსის ბოლო ფანჯარასთან, შენ კიდე მატენიდი მარილიან ჩხირებს, რომელიც იცი რასაც მაგონებს და ეხლა აღარ გეტყვი. გული გეტკინება და მეზარება მერე ფარისევლური შემორიგებები.

ჰოდა იმას გეუბნებოდი, რომ ახლა ეგეთ ქოხში ვარ გამომწყვდეული. ვიღაცა ბოლივიელმა სოფლელებმა დამიჭირეს და ოქროს კბილებს მანახებენ. გეგონება ცუდი სტომატოლოგი ვიყო, რომელიც ლომბარდის ჯიხურში დაასაქმა ძმაკაცმა.  მაგათ ჰგონიათ, რომ იცინიან, არადა მომწამვლელ აირს უშვებენ პირიდან. თან რაღაცა მახინჯობებს მღერიან ღამ-ღამობით და ყურები მტკივა. შენი და მამას ბრალია ყურები რომ მტკივა. ბავშვობიდან არგენტინული ტანგოს მოსმენას რომ მიმაჩვიეთ. აქაოდა ჩვენ კაი ოჯახი ვართ და ეს კიდე კაი ოჯახის შვილიო.

ამათ უფროსს რა ჰქვია არ ვიცი. ისე სტალინს ჰგავს. იმხელა ულვაშები აქ თავი რო გააქნიოს მთელ თავის სოფლელების ბატალიონს წააქცევს და მერე ერთი-ერთზე დავრჩებით, როგორც ნამდვილი ლათინოსი მამრები. აი მაშინ  ვანახებ როგორ უნდა დამბაჩის ქნევა, თუ ვყოფილვარ ერნესტო.  

ახლა მერევა. ბევრნი არიან და იმიტომ. სახეზე ეტყობა მაგრად ეჩქარება ჩემი გასაღება.

ეხლა არ დაიწყო წირპლაობა. მესმის დედა ხარ და იტირებ, მაგრამ   ეგ უკვე უეჭველი ამბავია, რო ამ ბოლივიელებმა უნდა დამბრიდონ. მაგას შენ კიარა, მეც შევეგუე და  უკვე ხესუსზე ვლოცულობ,  ეს მაოისტი კაცი.  

რაც შეეხება იმას, თუ რა ჯანდაბა მინდოდა ბოლივიაში და რატომ მოვედი აქამდე… 

ჰო ვიცი, შენ ქუდი რო შეგიგდონ ბოლივიაში არ შეხვალ, ვიცი. 

ახლა ალბათ ფიქრობ, რომ საერთოდ არ მადარდებს შენი განცდები. აღარ მიყვარს მოხუცი დედა და მხოლოდ ჩემს  თავზე ვფიქრობ.

სელია, მე მთელი მსოფლიო მიყვარს და შენ როგორ არ  მეყვარები. ან ჩემს თავზე რო ვფიქრობდე ამ მახინჯებს მოვაკვლევიებდი თავს?! არა, მე მესმის რომ როცა მოცურებული გაქ და ადრენალინზე გეკეტება, ბევრ რამეს რისკავ და სპეციალურად აკეთებ სიგიჟეებს, მაგრამ  მე ისეც არ გამირეკია ჯერ, ვიღაცა მუჩაჩიტოებს თავს შეგნებულად რომ ვაბრედიებდე.

 ახლა ალბათ აგარაკზე ხარ. ჩემს საყვარელ სახლში. ბავშვობაში მარტო მანდ ვჭამდი კარაქიან პურს. მანდაც მეჯავრებოდა და ქალაქშიც, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ის კარაქი იქვე, სოფელში, პირდაპირ ძროხის ძუძუებიდან ჩამოდიოდა ძალიან მერომანტიულებოდა და ამიტომ მანდ ყოველთვის ვჭამდი კარაქიან პურს. ან რას გიყვები, შენ მაჭმევდი ხოლმე. ჰოდა ეხლა შენ რომ აგარაკზე ხარ და ანდების ცქერით ტკბები იორღა ცხენის უნაგირიდან…  რას არ მივცემდი… რას არ მივცემდი ახლა მეც მანდ რომ ვიყო. ნუ გგონია, რომ მსიამოვნებს ის, რაც ახლა ჩემს თავს ხდება. მე ახლა კარგი ძილი, რძიანი ყავა და ანდების ცქერა მესიამოვნებოდა. 

ყველაფერი ერაყის პრეზიდენტის ბრალია. არა, სხვებიც მიშლიდნენ ნერვებს, მაგრამ მთავარი მაინც ერაყის პრეზიდენტი იყო. პრეზიდენტი, თუ რაც ყავთ იქ… მე რა ვიცი, ვიღაცა ხომ ყავთ  და იმისი ბრალია აქ რომ ვარ. ოღონდ შენ წყენა არ ჩაიდო გულში. ბოღმა აბერებს ადამიანს და შენ მინუსებში ხომ არ გადახვალ?! მეტს ვერ დაბერდები. 

ვიჯექი ჰავანაში, ჩემს სამუშაო მაგიდასთან, ვაფუილებდიი ტაბაკს  და ვფიქრობდი. კარგ რამეებზე ვფიქრობდი. ბავშვებს მადრიდში რომ გავუშვებდი იმაზე. კენედის ცოლზე. მოკლედ შესვენება მქონდა  და რასაც მინდოდა,  იმას  ვაკეთებდი.

ფიდელი შემოვიდა. ვერ იყო ხასიათზე. ფანჯარასთან მივიდა. მეთქი რა ზურგს მაქცევ შეჩემა?! 

არ გეწყინოსო, მაგრამო პრეზიდენტი მე ვარ თუ შენო?! ბაღდადიდან მოწვევა მოვიდა სახელმწიფოს ლიდერისთვისო და ლიდერის მაგივრად პირდაპირ შენი გვარი წერიაო. არადა, ტეხურო მამასიტა… მე სად მაქ სამაგისო ამბიციები. ან რა ფეხებად მინდა ფიდელის გაქუცული სავარძელი?!  მარა ტიპი ეჭვიანი რო იქნება. ეგ კიარა, მაგ ამბებამდე კინაღამ თავპირი დავალეწე. სხვაფერი ხებე ჩაიცვიო მეჩხუბებოდა. ერთნაირი ფერის რო გვაცვია, ჩემ საყვარელს შენ მე ვგონივარ და შეილება მოგცესო. ჯერ ერთი ფიდელი ერნესტო როგორ უნდა გეგონოს და ეგეც რო არ იყოს, ვის რა სიკვდილად უნდა მაგის საცერივით საყვარელი?!  მთელ რევკომს ტრაწისფერი ხებე აცვია და მე თუ ფიდელი ვგონივარ, იქ რაულიც ეგონება და კამილო სიენფუეგოსიც. 

ჰოდა იმას გეუბნებოდი ჩემო  სელია, რომ ბაღდადი თურმე ორია. ერთი ერაყში მეორე კიდევ სადღაც საბჭოთა კავშირში. ოღონდ იმ მეორეს, სინამდვილეში ბაღდათი ჰქვია და ერაყული ბაღდადისგან განსხვავებით პატარა სოფელია. 

და მე მივედი ერთ საშინელ დასკვნამდე.  ბაღდადში მელოდა სასტუმროები. შარბათი. ნაშები. ჩიტის რძე. არწივის კვერცხები და რძის აბაზანებიც კი.  

მსგავსს არაფერს არავინ შესთავაზებდა  შაქრის ლარწმის მკრეფავ კალისტო გუტიერესს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი რევოლუცია უკვე მომხდარი იყო. ჰოდა შემრცხვა. ისედაც ცალსახა იყო, რომ თანამდებობაზე დანიშვნის მერე უნებურად კლასობრივად ავმაღლდი და უფრო კაი რამეებს  ვჭამდი, ვიდრე დანარჩენი კუბის მოქალაქეები. შემრცხვა და ვტიროდი.  დეპრესიაში ჩავვარდი. ბალიში ისე დავასველე, რომ მასზე ძილის შემდეგ გავცივდი და სიცხემ მომცა. 

დანაშაული უნდა გამომესყიდა. 

ფიდელზეც აჭრილი ვიყავი და მოვხიე რა…  ჯერ აფრიკაში, მერე აქა.

ჰოდა ყველაფერი მაგათი ბრალია დე. ფიდელის და ერაყის ატამანის. 

კაცმა რომ თქვას მე არაფერს არ ვნანობ. არა არის რაღაცეები, მაგრამ უმნიშვნელოა ეგ რაღაცეები.  აი ის ფოტო რომ გადამიღეს…  როგორ არ იცი, მთელმა მსოფლიომ იცის. აი მაგ ფოტოში გრძელი თმა მაქვს. ძალიან მიხდება. მერე ჰავანაში რო შემოვედით, რატომღაც შევიჭერი და ახლა ძალიან ვნანობ, იმიტო რო ელვის პრესლის დავემსგავსე. ელვის პრესლი კიდე ამერიკელია და გავკარი ამერიკელებს. 

ამერიკელებს რომ გავკარი, ჰემინგუეიც იმიტომ გავაგდე. ისე მაგასაც ვნანობ. არ შეიძლება თევზაობის გამო დაიბოღმო და მოხუც კაცს გული ატკინო.  ის ჩემზე მეტს და ჩემზე დიდებს იჭერდა ხოლმე. ჰოდა ძაან გავბრაზდი. თან ოთხმოცი წლის იყო და მრცხვენოდა რომ მჯობნიდა. შევედი ფიდელთან და მეთქი ნახუი ეგ გრინგო აქედან. ეს მოსკოვში  მასწავლეს დე. გაგდებას ნიშნავს.  

მოკლედ წავიდა და ვაწყენინე იმ კაი კაცს.  მერე თავი მოიკლა. ჰოდა მაგასაც ვნანობ.

ერნიმ მაშინ კატა დამიტოვა. ამას მაინც მიხედეო. სანამ იქ ვიყავი შენს თავს გეფიცები ვისკასს და მოფერებას არ  ვაკლებდი. ერთხელ გამექცა. მთელს ქალაქში ეძებდა ჩემი ხალხი და მერე  ბორდელ „ბრუტა მუჩაჩიტაში“ იპოვეს. ჰემინგუეის ჰყვარებია იქაური ბოზები. 

მხოლოდ ორ რამეს ვნანობ ცხოვრებაში და ამით ძალიან ამაყი ვარ.  კარგია, რომ ამ ყველაფერს წერილში გწერ და პირისპირ არ გეუბნები, თორემ სხვა რამეებსაც გამახსენებდი და ნერვები მომეშლებოდა. 

დედა, გთხოვ  წაიყვანო და უპატრონო ჩემს მეუღლე ალეიდას. ვიცი, შენ არ გიყვარს ალეიდა, იმიტომ, რომ ჩემს პირველ ცოლთან,  ჰილდასთან დღემდე დაქალობ, მაგრამ ალეიდა უფრო ლამაზია დამჯერე.

სხვათაშორის ალეიდა ძალიან გგავს. მამას როცა გავაცანი ტირილი დაიწყო. ახალგაზრდობაში დედაშენს ზუსტად ესეთი სახის ნაკვთები ჰქონდაო. 

ჰო და კიდევ… მაპატიე, რომ ამდენს მაგინებდნენ მაიამიში გაქცეული კუბელი კაპიტალისტები. მაგათ რაც უნდათ ის იძახონ. მართლა ხომ არ იზამენ. 

ეხლა წავედი. მგონი უნა გამხვრიტონ შობელძაღლებმა. ორი ვარიანტია, ან ტუალეტში გავყავარ, ან დასახვრეტად.

 ჰოდა ილოცე, რომ მოსაფსმელად მივდიოდე.

სიყვარულით შენი ერნესტო. იმათი კომანდანტე. 1967 წლის ოქტომბერი.