ლუკა ჩერქეზიშვილი
ტელეფონი
ლექსი ტელეფონზე
ტელეფონი, რომელიც მე სულ თან მაქვს შავი ფერისაა,
6 ინჩიანი ეკრანით და დახვეწილი ფორმით,
40 მეგაპიქსელიანი წინა კამერით
და 64 გეგაბაიტიანი მეხსიერებით,
რომელიც გამოჭედილია საყვარელი ქალის ფოტოებით.
მოგონებებით გადაღლილი,
ელემენტდამჯდარი,
ერთგული ტელეფონი,
ინახავს ნომრებს, რომლებზეც აღრასდროს დავრეკავ,
თითქოს სხვა შემთხვევაში წარსულში ვბრუნდებოდე
და ისევ ეხებოდეს ჩემი და მისი ტელეფონი
ისე, როგორც ჩვენი ტუჩები,
ჩანაწერები,რომლებიც ღრმად შეუნახავს არქივში,
არ შეიცავს არაფერს სასიყვარულოს,
არ შეიცავს არაფერს საზიზღარს,
მემგონი არც არაფერს შეიცავს,
უბრალოდ ჩანაწერებია,რომლებსაც სამუდამოდ შეინახავს ღრმად არქივში
და არავის გაანდობს მას.
Screenshot-ები უბრალოდ ისტორიაა.
აი, ისეთი, პაპაჩემი რომ გაიხსენებს ხოლმე
ბედნიერ მოსკოვურ ღამეებს.
მესიჯები ტანჯვის ფორმაა, რომლებსაც არასდროს წავშლი და არც აღარსდროს წავიკითხავ,
უბრალოდ რომანტიკად ვაქცევ.
ტელეფონი, რომელიც მე სულ თან მაქვს, დაცულია მრავალციფრიანი კოდით
და მატარებელია ჩემი ყველა ფეტიშის,
იცის ჩემი სექსუალური გადახრები,
ჩემი საყვარელი პორნო საიტები,
საყვარელი პორნოვარსკვლავები,
საყვარელი მსახიობები,
საყვარელი ქალიც იცის,
საბანკო ანგარიშებთან ერთად,
რომელიც კორპუსებქვეშ მოწანწალე ვირთხის კუჭივით ცარიელია.
იცის ზუსტად სად და როდის,
რა და როგორ შევცოდე,
იცის ჩემი კვების რაციონი,
რომელიც ვაგონებს შორის მორბენალ ბავშვთა ბიუჯეტივით მცირეა.
იცის ჩემთვის საინტერესო სიახლეები,
მაწვდის ახალ-ახალ ინფორმაციას
მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე,
მადაგასკარზე მომხდარ მკვლელობაზე,
ფემინისტთა აქციაზე ამერიკაში,
ქალზე, რომელიც მიყვარს,
ყოველდღიურ აქციებზე,
ახალ გამოსულ ალბომებზე…
ტელეფონი, რომელიც მე სულ თან მაქვს, ჩემი მეგობარია.
ჩემი ერთგული მეგობარი,
რომელიც არ მიმატოვებს,
რომელმაც კარგად იცის ჩემი მუსიკალური გემოვნება
და საჭირო დროს, საჭირო მუსიკას მთავაზობს
არასაჭირო სევდის დასაძლევად,
ან პირიქით.
იზიარებს ჩემს მსოფლმხედველობას…
უყვარს: Man Ray, Salvador Dalí, Gustav Klimt, კარლო კაჭარავა…
აფასებს: ჯაზს, ჰიპ-ჰოპს, როკს, კლასიკურ მუსიკას.
იცის ისტორია, ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია..
მოკლედ,ჩვენი დროის გენიოსია.
მაჭანკალია, რომელიც სანაცვლოდ ენერგიასა და Wife-ს ითხოვს.
ვინ იცის, იქნებ ის ქალიც მაპოვნინოს,
ვინც მისნაირად გაიყოფს ჩემთან სასთუმალს
და მზრუნველად გამაღვიძებს ყოველ დილით.
ბენზილმეთილექგონინია ფორმაშესხმული.
გზამკვლევია, რომელიც არასდროს მიგატოვებს გზააბნეულს.
ის ისაა, ვის ეკრანზეც მრავალჯერ დამიღვრია ცრემლი,
თითქოს, მის კალთაზე დამეღვაროს ცრემლი.
ტელეფონი, რომელიც არაფრით გამორჩეულია სხვა ტელეფონისგან
ჩემ მსგავსად.
შეიძლება მსხვერპლიც იყოს
თავისი არაფრით გამორჩეულობის გამო,
არაფერი რომ არ მიაჩნია არაფრად
და არაფერი რომ არაფერია მისთვის, სრულიად არაფერი,
ეს შეიძლება არაფრის მიზეზიც გახდეს,
მაგრამ ნუ გეშინია, მეგობარო,
მოვა დრო და შენს უფლებებსაც დაიცავენ
უფლებადამცველები
აი, ისე, დაცულ საქაღალდეში რომ იცავ მის ფოტოებს
აი, იმას, ერთად რომ გადავუღეთ
აი, იმასაც, ერთად რომ გადაგვიღე
აი, იმასაც, იქ რომ გადაგვიღე
აი, იმასაც, იქ რომ გადაიღე, სადაც არ უნდა გადაგეღო
და,აი, იმასაც, რასაც გადაუღეს რომ არ უნდა გადაეღოთ (ან უნდა გადაეღოთ ვინ იცის ?!)
ტელეფონი, რომელიც ტაძარია ჩემი, შავი ფერისაა,
6 ინჩიანი ეკრანით და დახვეწილი ფორმით.
ახლაც ეს ლექსი მასში იწერება
და სანამ ბოლომდე გამოსცლია ენერგია,
სჯობს დავასრულო.