სიახლეები

“მჯერა იმ ადამიანების, ვისაც იდეებს ვუზიარებ” – თაკო შუკაკიძე პროექტებისა და “ომის პოეზიის” მიზნების შესახებ.

– შენი პროექტის, “ომის პოეზია” ფარგლებში, ქართველი ავტორები უკრაინულ პოეტურ ტექსტებს კითხულობენ. როგორ დაიბადა იდეა, რა ეტაპზეა ეს პროცესი და სად შეიძლება მასალების ნახვა?.

იდეა, ავტორებს რკინიგზის სადგურებთან უკრიანული პოეზია წაეკითხათ, სერჰი ჟადანის რომანის, “ინტერნატის” წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა. აქ მოქმედება ერთ პატარა ქალაქში ხდება, პირობითად ხაშურში, სადაც სადგურია და ომის დროს ადამიანები თავს იქ აფარებენ. მერე ჩემს თავს დავაკვირდი და აღმოვაჩინე, როცა ქალაქში ვარ, ყოველთვის მივდივარ რკინგზის სადგურზე. არაფერს ვაკეთებ. ვჯდები და ამ ადგილის მუსიკას ვუსმენ. ყველაფერი ეს დაგროვდა, გაზიარდა თანამოაზრეებთან და პირველი “ომის პოეზიის” კითხვაც შედგა. ვიდეოების ნახვა ჩვენს “ფეისბუქ” და “ინსტაგრამ” გვერდებზეა შესაძლებელი.იდეა გაგრძელდა და “ომის პოეზია” ბათუმის რკინიგზის სადგურზეც წაიკითხეს ავტორებმა. მაისის თვეში მესამე “ომის პოეზიის” გადაღებას ვგევმავ. ამჯერად, ქუთაისში.

სამომავლოდ, მინდა, სხვადასხვა ქვეყნის პოეზიის კითხვა გავაგრძელოთ. იქნება ეს ვიდეო ფორმატით თუ ცოცხალი შეხვედრების საშუალებით.

– შენ ხშირად ხარ იდეის ავტორი ან პროექტის ინიციატორი. მომიყევი შენ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.

– ბოლო ორი წელია, არის ასეთი, პატარა სახელოვნებო პლატფორმა „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ – რომელიც ფესტივალის სახით დაიწყო და სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს არტისტები გააერთიანა. ფესტივალი ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა ადამიანებს. ამის გაკეთება ძალიან დიდი მხარდაჭერის შედეგად შევძელით. მინდა თითოეულ ადამიანს კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა, ვინც მენდო. შემდეგ გავაგრძელე ვიდეო ინტერვიუების კეთებით. შევქმენით ვებ-გვერდი, სადაც სხვადასხვა მასალებს ვაქვეყნებთ. ასევე იყო “ზამთრის ლიტერატურა“, სადაც ბარათებზე დავბეჭდეთ ვიზუალური ხელოვნების ნიმუშები და ლექსები. შარშან, 14 აპრილს, დაიწყო „მეტროს საათები“: თანამედროვე ქართველი ავტორები თავიანთ ტექსტებს სხვადასხვა მეტროს სადგურთან კითხულობენ. მეტრო მოიაზრება, როგორც ქალაქის იდუმალი თვალი და ადგილი, სადაც თანამედროვე ენის თავმოყრა ხდება. ამიტომ დავუკავშირე მეტროს ლიტერატურა. “მეტროს საათები” წელსაც ჩავატარეთ.

“როცა რაღაცას შიშველი ხელებით აკეთებ, დიდი გამოწვევების წინაშე დგები”.

როცა უკრაინაში ომი დაიწყო ჩვენი სოლიდარობის გამოსახატავად შევქმენით ვიდეო მიმართვები – „ქართველი მწერლები უკრაინის სოლიდარობისთვის“, საიდანაც ქართველი ავტორები, მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს.

– რა ცოდნა და გამოცდილება შეგძინა ამ პროექტებმა? არსებობდა წინააღმდეგობები, სირთულეები? როგორ გადალახე?.

ძირითადი დრო და ენერგია გადარჩენისთვის ბრძოლას მიაქვს”.

როცა რაღაცას შიშველი ხელებით აკეთებ, დიდი გამოწვევების წინაშე დგები. მე თითქმის არაფერი ვიცოდი, სანამ ამ ყველაფერს დავიწყებდი, მაგრამ მჯეროდა ადამიანების და მათი თანადგომის. სწორედ ეს რწმენა მეხმარება შევინარჩუნო სიმშვიდე და არ დავკარგო ის მიზნები, რის გამოც რაიმეს ვაკეთებ. ახლაც ასეა. მჯერა იმ ადამიანების, ვისაც იდეებს ვუზიარებ.

– ქვეყანაში, სადაც ღირსეული შრომითი გარემო და პირობები ფუფუნებაა, როგორ ახერხებ “გადარჩე” როგორც შემოქმედი?

შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი დრო და ენერგია ამ გადარჩენისთვის ბრძოლას მიაქვს. არ ვიცი, ვახერხებ თუ არა, გადარჩენილი ჩემი თავი შემოქმედად აღვიქვა.

– და, როგორია შენი “გადარჩენილი თავი”?

მსუბუქი. ბევრი ზედმეტი შინაგანი თუ გარეგანი აქსესუარი ჩამოვიხსენი.

ინტერვიუ მოამზადა თამარ კორკოტაშვილმა