ლიტერატურა, პოეზია, სიახლეები

Გიო ზარნაძე – სახლი ამიგე

სახლი 

სახლი რომ მქონდა. ჩემი სახლი
თავის დამპალი სახურავით.
სახლთან რა მქონდა სამდურავი,
ერთხელ უცხო სტუმარი მოვიდა.
პოეზია კი ისეთია
კარს მუდამ მისვლის თანავე გიღებს.
ყველა გაღიმებას იზეპირებს,
ისე გადის ცრემლის მთაგრეხილებს.
და იქიდან დიდ თოვლს მოიტანს.
სახლი რომ მქონდა. ჩემი სახლი,
პოეტის ცეცხლით განათბობი,
წავედი უცხო შეშისათვის,
უცხო სიცივით დანათოვი.
მერე მოვიდა გარინდება,
გზაზე ისეთ დროს შემეყარე,
აწი მარტო ვეღარ გავფრინდები,
შენი ღვინით მთვრალი მევენახე.
მოკლულს ვაწოდებდი თოკს, ვშველოდი,
ჩამომხრჩვალის მამის უნახავად.
მე მაინც მუდამ მოგელოდი,
თავს ვდებდი დაგლეჯილ უნაგირზე.
დანას. ყელში დანას მივიბჯენდი,
ისევ ვოცნებობდი შენზე.
ასეთ სიმარტოვეს ვინ მირჩევდა,
სიმარტოვის წერას ატანილი.
ვთესავდი. ზამთარს ვუყურებდი.
ცხელ გულზე მიწას ვხნავდი ადამივით.
ზოგჯერ ნამთვრალევი ვარსკვლავების
სიზმრის ნამსხვრევებზე ლექსებს
ვწერდი. მეც ვიტეხდი ბიჭის სიზმარს.
ამ ყრუ კედლებს შუბლით მიბჯენილი.
ამ უდიდეს უღელს გავბზარავდი.
მხოლოდ შენ თუ დამიჯერებდი.
გაისისხლოს ახლაც. დაისიდან
შენი მონატრება დაიწრიტა.
მიხარია, როგორც დაფიცება.
შემიძლია, გოგოვ დაფიცება.
ჩემს თავს ვუმკურნალო. წყაროს თვალი.
ჩემი მყუდრო სახლის კერია.
ჩემი ერთი დიდი სალოცავი.
დანარჩენი არაფერია.
რომ მომენატრები უსაზღვროდ,
მოდი ხელი ნელა ჩამკიდე.
ჩემი სიტყვებია უსათუოდ
უხეშ ლექსიკონის საკირე.
მზე მინთია თითქოს. შედევრია.
ათას წელს მიშენებია,

სტუმრით დამიმშვენებია,

ამიგე.

ბონიდან

ცოტა თუ ამბობს მართალს.
ვიცი, რა არის დაღლა
უმნიშვნელოა – ვკარგავ
მნიშვნელოვანს არ ვმალავ.
როცა ტბებია მაღლა
ვთვრები. მივდივარ შორს.

გამოეცალა თოვლს
უცნაურ სურნელს ცრის
ეს გაქცეული დრო,
ეს გასიზმრება ცის.
თავისთავადს არ აჩენს
იქნებ რაინზე დამხვდეს.
უგულისყუროდ დამრჩეს ვინ იცის

როგორ გაგვასწრო დრომ.
ნათლად ვერ ვიღებ სათქმელს.
სახეზე ვიცნობ ხორცს.
ტყვიები გახვრეტდა ჭერს,

ტყვიები გახვრეტდა ჭერს,

ტყვიები გახვრეტდა ჭერს,
გარდავიცვლები რომ.

აქ თვალებს სხვაგან დავსდევ.
იამაიკელ ხეთებს.
სულ ცოტა დამიცადეთ,
დედაჩემს მიმიხედეთ.
ისე ჯიგრები სხვა ალს
წაუკიდებდნენ ხედებს.

სულ ცოტა რამეს ვმალავ.
როგორც გადაღვრილ სასმელს.
ყვავილად გახსნილ მალას
დაუღამებელ სანთელს
გადავაბიჯებ სიკვდილს,
ოღონდ სიცოცხლის მწამდეს.
ოღონდ მიყვარდე, როგორც
შევყვარებივარ დარდებს.
სევდით ნუ მომიგონებ.
ცრემლით არ გამიწვალდე.

არა, არ დავიღალე,
ათას სიცოცხლის გვერდზე.
ცოტა ხნით ვხუჭავ თვალებს,
ხშირად არ დავწერ ლექსებს.
ხვალამდე გავიდარებ,
ხვალამდე გავიდარებ,
ხვალამდე გავიდარებ,
ვიცი, რა ფიქრიც მეძებს.

ბოლოდროის აბზაცები 

მე ვიწურები ოფლში და დენთში,
ჩემი სიტყვები სადღაც მიდიან.
ეს არ იცვლება, სინამდვილეში
ისევ და ისევ დიდი მითია.
მე დავდიოდი საპოვნელებით
და ერთი წამიც არ დამითმია.

გზები ჩათელეს ნედლმა ნისლებმა
და უცებ გახდნენ წვიმის მოტივი.
მეტაფორაა მთელი მიგნება,
ზოგჯერ დუმილი – ალტერნატივა.
ან ხეივანში გასეირნება,
პოეტები რომ ჩანან ტოტებთან.
ადამიანი ერთხელ იცვლება,
თუკი არა ყავს ორი ტოტემი.

ნუ დამიჯერებ, რომ დაძაბული
არ დაჯდე ზღვასთან მზის მოლოდინში.
დარაზმულია ის არაბული,
თუ იგვიანებს, სხვა ზრდილობისთვის.
და შენთან თუკი უკვე მოვიდა,
თავს დავხრი, მწუხრად მოგიბოდიშებ.

მე ჩამიკეტეს კარი და ცეცხლი
გამიხსნეს ფანჯრის ღია მინიდან.
გადმოცვენილი ოქრო და ვერცხლი
ბავშვობიდანვე უფრო მიკვირდა
ვიდრე გაქცევა უცნაურ მხეცის
თავის თავიდან – ადამიიდან.

ბევრს აღწერს ხოლმე ერთი მინიმა,
და პოემათა ასტომეულიც.
ადრე, სულ ადრე წვიმა მივლიდა
და სიხარული ბართოლომეო.
და დავდიოდი ზღვის ნაპირიდან
მდინარეებად გადმორეული.

***

ასეთი ივნისები წვიმებმა გადარიყოს.
კითხულობ ფოლკნერის აბესალომს გაგიჟებით.
ყველამ რომ გაიგოს, ან ყველა კარგად იყოს,

მორიგი აბსურდი ძვირად დაგიჯდება.

კარი გაქვს ჩაკეტილი. იხსენებ სახალისოდ
გზები წყალს წაუღია. ურმები ჩახერგილან.
მას ყველა ვერ გაუგებს. ვერ ხედავს, არც საკლისობს,
აშლიათ საღერღელი.

ღამის ცა იოლია, დილაა ნამიანი.
ასეთებს აღარ წერენ. მარტივად აქვეყნებენ.
ყვავილებს ვუვლიდეთ. სცენარზე მოლიერის

ხელები არ გაგიხმეს, თვალები ამეტყველდნენ.

მორჩება სანოტიო თემები, საუბრები
და უფრო გაიზრდება სათქმელი დარჩენილი.
აღარსად აღარ ჯობდა. უმიზნოდ გაუყვები.
სამელანქოლიოდ ვყოფილვართ გაჩენილი.

ასეთი სინამდვილე, თვალები ფიქტიური,
პროფილი პოსტმოდერნი ფრანტი ბელზებელის.

და მერე სიყვარულსაც, რომელიც არ ვიცოდი,

მიხსნიდნენ მეზობლები.

მთვრალი ჯელტმენების მხრებზე დგას ატლანტივით
ვეება დედამიწა, არვინ ჩანს, შეენაცვლოს.
მე ვხედავ, ვამბობ და რთულია, არ ავყვირდე,
ვიხილო შინაარსი ფაქტობრივ სიუჟეტის.

ასეთი თვინიერი წვიმების სეზონია.

დილით 

ძაღლი ყეფს. მისდევს ქარავანს.
გზად ჩემი მზეა მდუმარი.
გზად ერთი ფირალი არ ავა.
დარჩება დარიალის სტუმარი.
მე ჩემი აფრა მაქვს სანიავო.
ათას სიუჟეტით ვირევი.
როგორც ამივლია, ავიარო
მოლურჯო სანაპირო ირმების.
მუნჯია მინდვრები სანადირო,
იარაღს ვისხამ და ვილევი.

სავსეა კუმისი. ზოლიანი ჩვენი მტანჯველი,
ნეტავ თუ გვიცნეს მოტივებმა,
დიდმა მითებმა.
წინ მიდევს სინამდვილის ანაცერი
გული სავსე მთვარეზე მითბება.
მხარი მწამს ახლოს, ზღვა სიყალბეში
ერთი მარგალიტის მიგნება.

როგორ ვილაგამე გარინდება.
ამაფეთქებელი და დამწველი.
ჩემი სინამდვილე გაფრინდება,
შენს სილამაზეს დანაწევი.
ვიდრე ეს ავადმყოფის ჩივილია,
ჩვენ კარგად ვიყავით და დავნაწევრდით.

ავადმყოფს კითხონ ექიმებმა.

ვზივარ და ნერვებს ვინიავებ.
დიდი ტკივილები მემუქრება,
აბები, ფერი ვარ მილიარდი.
ჩავჯდე და წყალს ვუყვე გამდინარეს,
ისე ვილაგამე გარინდება.
ჩემი სინამდვილე ამიხდება.
ჩემი სინამდვილე გაფრინდება.

სავსეა სხეული ჭრილობებით
და შიგნით ვიღაც იკუნტება.
შენ რაღა გატირებს? მიობლდები?
არა, შენ აქ ხარ და მიყუჩდება.
არა, შენ აქ ხარ და მარტო სული
ვრჩები მე. ყველაფერი გადარჩება.