ცოტნე ავსაჯანიშვილი 🔘 კონცერტი
⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛
მგონი „მოქალაქეთა კავშირი“ ატარებდა მაგ კონცერტს, საარჩევნოდ ხმების დათრევის პონტში. თქვენ არ გეგონოთ, რო კონცერტის გამო ჩავედი თბილისიდან გურჯაანში. უბრალოდ ზაფხული იყო, სხვაგან წასვლის მაყუთი ვერ ვიჩალიჩე, გურჯაანში ვიყავი და მეთქი ბარემ თამუნა ამონაშვილს მაინც ვნახავ ლაივში.
მე და ჩემი ძმაკაცები არც ბებრები ვიყავით, არც მთლად თინეიჯერები. ვოლგით დავდიოდით. დასტოინი ტიპების იმიჯს ვეპოტინებოდით. მე ბორჯომის ბოთლს დავათრევდი და წითელ მარლბოროს. ისე არ მომწონდნენ იქაური გოგოები საერთოდ და ეხლა ვერ ვხვდები რათ მინდოდა ეგ მასკარადი. ან რომც მომწონებოდნენ, ვინ, ან რატო დაიკერებოდა ესეთ ძიშოვი რამეებზე, ვერც მაგას ვხვდები. მარა ჰო იცით ის ბანძი თავის გამართლება, დრო იყო ეგეთიო რო ამბობენ ხოლმე. ჰოდა დრო იყო ეგეთი და ჩვენ წილად ყველანი გოიმები ვიყავით. ზოგი ძალიან, ზოგი ცოტათი, მაგრამ სადღაც ყველას გაქნეული გვქონდა და ამიტომ არც გახსენება და მოყოლა მიტყდება.
ისე მაგარი ამბავი იყო. რელიგიურ დღესასწაულს ჰგავდა. ან მადლიერების დღეს. ისეთი გაპრანჭული იყო ყველა, თითქოს ერთი წლით ადრე იცოდნენ, რომ ეგ კონცერტი ჩატარდებოდა. გოგოები კაბებს კერავდნენ სამაგისოდ. ბიჭები შარვლებს იპარავდნენ ძონძებში. ჯარისკაცის მამის ძეგლის ჩექმების გარშემო, ყველა მწვანე ბორცვი სავსე იყო ჩვიდმეტიდან ორმოცდაათ წლამდე სახელდახელოდ გალამაზებული ადამიანებით, რომლებსაც სჯეროდათ, რომ შავი ტანსაცმელი ყველას უხდება.
სწორედ ამიტომ, საღამოს ექვსზე, როცა ჯერ კიდევ ძალიან ცხელოდა და გულაობის დაწყებამდეც ორი საათი იყო დარჩენილი, გურჯაანის კულტურის სახლსა და კურორტ ახტალას შორის განთავსებულ ტაქსების სადგურში ყველა მძღოლმა ძალიან მოიწყინა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ვიღაც ძალიან კარგი ადამიანი მოკვდა და შავად შემოსილი ათასობით ადამიანი აცილებდა, ოფლიანი სახეებით.
შეყვარებულთან ერთად მოდიოდა ნაცნობი ლადო. მერე ჩვენთან გაჩერდა. სიგარეტი მომაწევინეთო. ორი ღერი ამოიღო. ერთს წაუკიდა, მეორე ყურში გაირჭო. შეყვარებული მორჩილად უცდიდა და ჩვენ ვიცოდით, რომ ამ შეყვარებულს დარხეული ჰქონდა. უფრო სწორად, ლადოს ჰქონდა დარხეული, რადგან ყოველთვის ყველა გოგო შორდებოდა. ამ მტკივნეული რუტინის გამო, ლადოს ჰობი ყოფილ შეყვარებულზე ჩამოკვრა იყო. ამას არც მალავდა და ამიტომ ვაფასებდი. ბავშვობიდან ვერ ვიტან ფარისევლებს.
* * *
ფიზიკური სილამაზე ზოგჯერ მირაჟია. ეს მირაჟი მაშინ ჩნდება, როცა რაღაც აბსტრაქტული გარემოებები აიზილებიან ხოლმე ერთმანეთში. აი, თქვენ თუ გგონიათ, რომ ფერადი მოსკვიჩები ჰავანაში მართლა ლამაზია, გაიხსენეთ, რომ უამრავი ფერადი მოსკვიჩი გინახავთ თქვენს მშობლიურ ქალაქში, რომელზეც მხოლოდ გული გერევათ და ტაქსადაც კი არ იხმარდით. იმ შემთხვევაშიც კი, მისმა მძღოლმა ვარკეთილიდან გლდანში გასვლა ორ ლარად რომ შემოგთავაზოთ.
სწორედ ასეთი მირაჟები არიან სოფლებში, ან პატარა ქალაქებში დიდი ქალაქებიდან სტუმრად ჩამოსული გოგონები, რომლებსაც დროისა და სივრცის, კანის ფერის და კიდევ ინტონაციის გამო ისე უმართლებთ, რომ უამრავი თაყვანისმცემელი უჩნდებათ და ხდებიან მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი ქალბატონები. არადა, რამდენიმე დღით ადრე, მშობლიურ დიდ ქალაქში მათ შესაძლოა ვერავინ ამჩნევდა და არც სილამაზის ეტალონად აღიქვამდნენ.
მირაჟი იყო ვაზისუბნელი მაკა, რომელიც ჩემზე ორი წლით იყო პატარა და მაგ კონცერტამდე სამჯერ მყავდა ნანახი. ერთხელ, ორი წლის რომ იყო და სოსკას რომ მაწვიდიდა. მეორედ სამი წლის რომ იყო და თავში ქვიშას ვაყრიდი. მესამედ კი, ათი წლის რომ ჩამოიყვანეს ბებიამისთან და ჩემი ველოსიპედით რომ აილეწა ღელეში. სამივე შემთხვევაში ისე აღვიქვამდი, როგორც იდიოტ ბავშვს და ეხლაც მასე იყო. საერთოდაც ჩემზე თვეებით პატარაც ჩემთვის ბავშვია. ეს კიდე ორი წლით იყო პატარა. თან ჩვიდმეტი წლის. ლაწირაკი.
ჰოდა მაგრად შემრცხვა. ოღონდ მერე შემრცხვა, ბიჭებმა რომ მითხრეს ეგ ის მაკააო. ნახე როგორ განაშებულაო და ამბები. იმიტომ შემრცხვა, რომ მისი ვინაობის გაგებამდე ვიღაცა ქაჯის ველოსიპედიდან რომ ჩამოვიდა და კაბა აუფრიალდა მე მაგრად დამცხა. ხანდახან მემართება ხოლმე მასე და არაფერია ამაში ავხორცული. ხორცული კიბატონო. მაგრამ ავ არა… იმიტომ, რომ როცა ასე მემართება ჯერ თავში მცხება, მერე გულში, მერე მუცელში და მერე სხვაგან. არადა არაფერი გოგო არ იყო ეს მაკა.
თავიდან გამიკვირდა. როგორც წესი, აქ ეგეთი სიცხეები არ ვიცოდი ხოლმე და ცოტა გამიხარდა კიდეც, საღამოს აზრი მიეცა მეთქი ვფიქრობდი. მეც მინდოდა რომანტიული რამეების კეთება. ან რას ავიტეხე სერიოზული ტიპის თამაში. გულის სიღრმეშიც და გულის ამოღრმაც ყოველთვის და ყველგან მაგარი მჩატე ვიყავი. მოკლედ ყველაფერი ისე წარმოვიდგინე, როგორც დედაჩემის საყვარელ ფრანგულ რომანებშია ხოლმე. კონცერტის შემდეგ, სიბნელეში პატარა გოგონას თავს ესხმიან კარდინალის კახელი გვარდიელები, რო დააყაჩაღონ ან, რავი… და ვიჩითები მე, შევალიე დ’არტანიანი და კაროჩე…
ამათ კიდე მაკააო მაჯახეს. მერე ამ მაკამ სიგარეტი ამოიღო და ყველა მაგას უყურებდა. მე მაგრად მეკიდა ეგეთი რამეები, მაგრამ დაბოღმილი ვიყავი და მეთქი ბებიამისთან უეჭველი ისევ ბავშვობს, აქ კიდე რეებს შვება ნახე. ვიღაცამ მითხრა შეყვარებულის ხათრით ეწევა და შეგიძლია ამ პროცესში სინაზე დაინახოო. ჰო გახსოვსო შენი ამბებიო. ამათ სინაზე რა ეგონათ არ ვიცი, მაგრამ თუ ჩემს ლავსთორებზე ლაპარაკობდნენ, ძალიან აუცდათ. იმიტომ, რომ არაფერია ნაზი იმ პროცესში, რომელშიც მერაბ კაშიას სიმღერების მოსმენა გსიამოვნებს. მე კიდე ბოლო ამძუნების დროს რატომღაც მსიამოვნებდა.
ისე შეყვარებულის გამო მოწევა რაღაა?! ნიუჟელი მაგაზე იხოდება შეყვარებული?! რავი მთავარი ის იყო, რომ ის ველოსიპედიანი ტიპი ამ მაკას შეყვარებული ყოფილა და გამიტყდა.
ვაზისუბნელი მაკა ჰგავდა ტყიდან გამოქცეულ ინდიელების პრინცესას. ძალიან ლამაზი შავი თმა ჰქონდა, წითელი კანი და მოკლე კაბა, მაგრამ ყველაფერი ჭუჭყიანი. შეიძლება არც იყო ჭუჭყიანი, მაგრამ მე ეგრე მინდოდა და მეჩვენებოდა. არ მაწუხებდა. დაჟე მეეგზოტიკურებოდა.
ის ველოსიპედიანი ქაჯი სულ ეთომარებოდა და აქეთ არ ახედებდა გოგოს. ეგ როჟაც არ იყო ადგილობრივი. ჩამოთრეული იყო, ჩვენსავით. ეტყობა ვაზისუბნიდან აქციაში მოჰყვა მაკას.
არადა მაგრად მინდოდა მოეხედა და დავენახე. ეგრევე გაახსენდებოდა პირველად ვის ველოსპედზე იჯდა. შვიდი წლის წინ.
არ მახსოვს ვინ მღეროდა, ადგილობრივებმა პამიდვრები და ატმები რომ დაუშინეს. განა რამეს აშავებდა?! უბრალოდ მოიწყინეს და არაორდინალური რამით დაიწყეს თავის გართობა. ამ ვაზისუბნელ პრინცესასაც უსწორებოდა და იცინოდა. მაგარი ხულიგანი და უზრდელი გოგო ყოფილა. ღრიანცელში ვერ გავიგე, მაგრამ მივხვდი, რომ ამ ველოსიპედიან ტიპს უთხრა, მიდი შენც ისროლეო. ამ ქათამმაც ეგრევე უკან გაიხედა, ვიღაცას პამიდორი გამოართვა და გაუქანა სცენას. მივხვდი რო მაკას ყურადღების მიქცევა მარტო დებილობების კეთებით შეიძლებოდა და მარტომ მოვხიე ჩვენი ვოლგისკენ. გამიმართლა, რომ მაგნიტაფონი ჯერ მოპარული არ იყო. შევაგდე კასეტა და ბოლო ხმაზე ჩაირთო „მოდერნ თოლქინგი“. აზრზე მოდი რა ქაჯი ვარ. სცენაზე ვიღაცა იწელება და მე სცენის გვერდით „მოდერნ თოლქინგი“ ჩავრთე და მგონია რო ჩემზე დიდი ანარქისტი არ არსებობს ვაბშე არსად. მგონია, რო ტუსოვკა ჩავშალე. ყველა ჩემს მოკვლას შეეცდება და მაკაც ცოტახნით დაიკიდებს იმ ტიპს და გამომხედავს.
ათ წუთში გამოვრთე და ავედი ისევ ხალხში. ბიჭებს ვეკითხები ჰო მაგარი იყო მეთქი?! რა იყო მაგარიო? მეთქი ყრუები ხართ ტო? ვერ გაიგეთ?…
რა უნდა გაეგოთ, ჩემხელა დინამიკები ედგათ სცენაზე იმ ჩემისებს. ვოლგის მაგნიტაფონი როგორ ჩახევდა.
ლალი ტოტიკაშვილი მღეროდა – და გათენდება ეს, ერთი ღამეეეო…
ვაზისუბნელი მაკა კი, თავის გამოსირებული შეყვარებულს ეზასავებოდა.