თარგმანი, ლიტერატურა, პოეზია

ბჰაკტივინოდა თჰაკურა – ფიქრები

ეს ინგლისურენოვანი ლექსი „ფიქრები“ ბჰაკტივინოდა თჰაკურამ 1871 წელს დაწერა და ფსევდონიმით – „სარაგრაჰი ვაიშნავი“ – გამოაქვეყნა.
ლექსის პოეტური ძალა მდგომარეობს არა რითმის გარეგნულ კანონებში, არამედ მის შინაგან მუსიკაში: აზრის ურყევ დინებასა და ლოცვისთვის დამახასიათებელ სულიერ ინტონაციაში.
ლექსს წინასიტყვაობად ერთვოდა შემდეგი სიტყვები: „ფიქრები პოპულარულ თემებზე ან დროდადრო გაკეთებული ჩანაწერები.“

* * * * * *

ვაი, მათ, ვინც დღეებს
ლხინსა და განცხრომაში ფლანგავს! თვალისმომჭრელი, მომაკვდინებელი სითხე
სამარადისოდ იმონებს მათ გულებს!
მოელვარე ბოთლები თვალს ხიბლავს და გულს თავისკენ იხმობს!
ღვინის მონები ვერასოდეს აღდგებიან
სირცხვილის უფსკრულიდან.
განა კაცი იმისთვის შეიქმნა, რომ საქმითა და გულით მხეცად ქცეულიყო? განა ადამიანი, ყოველივეს მეუფე, კეთილგონიერებას უნდა განდგომოდა?!
კაცის დიდება კეთილგონიერებაშია, რომელიც მადლისკენ გვიჩვენებს გზას. ადამიანი იმისთვის შეიქმნა,
რათა იცოცხლოს და უყვარდეს
ზეცის მშვენიერ წიაღი.
ეს ხორცი ჩვენი არ არის,

მოკვდავი სხეული ბორკილია მხოლოდ, სული, წარსულ ცოდვათა გამო დამწყვდეული, კვლავ აღმასვლისთვის უნდა იღვწოდეს!
მაშ, რად ვერთობით იმით,
რაც ჩვენი არასოდეს ყოფილა?
რაც ას წელიწადშიც ისე დაჭკნება, ვითარცა ვარდი სრულად აყვავებული.
ჩვენი სიცოცხლე — წამიერი ციალია, რომელიც მალე განქარდება,
მხოლოდ სული იარსებებს მარად, სიკეთითა თუ ბოროტებით დამძიმებული.
ო, რა ღრმაა ფიქრი მომავალ დროთა! რაოდენ საზარელია მათი სახე!
და ძრწოლა მიპყრობს ო, მე, ყოველ ჟამს, ოდეს ბუნების წიგნთა ფურცლებს ვშლი!
კაცის სიცოცხლე მისთვის ბნელი გამოცანაა, ორივე მხარეს საიდუმლოს ფარდა ჰფარავს,
არცერთი სული დაბრუნებულა, რათა რა არის ჩვენი მზერის მიღმა.
მაგრამ აჰა ხმა, ღრმა და სათუთი, ჩვენსავე გულში მარადჟამს ისმის: „ჰე, კაცო! შენ უკვდავი სული ხარ!
და სიკვდილი ვერასდროს დაგშლის!“
ემცნო,

ზეციერმა მეუფემ შენთვის
ზეცად შეინახა ნეტარების საუნჯე,
ჟამთა აღსასრულამდე შენ მისი ხარ,
ვისაც წმინდა სიყვარულის გარდა არა სურს რა.
ოჰ, სიყვარულო! შენმა კეთილმა ძალამ
და შენმა კურთხეულმა მადლმა
ღვთის სიყვარულში გაალღვო ჩემი სული, როგორ აღწეროს ჩემმა მიწიერმა ბაგემ
ის გრძნობა, სათუთი და ვრცელი!
შვება და მწუხარება — სხვა რაა,
თუ არა ხვედრი, რომლის მემკვიდრეც არის ხორცი? და მხოლოდ მძინარე სულს ჰგონია,
რომ ამ ხვედრში თავადაც აქვს წილი !
მაშ, მეგობარნო, ნუღარ დაეძებთ ამქყვეყნიურ სიამეს და ნუღარც გლოვობთ მიწიერსა და წარმავალს, ხორციელი ვნება,ქალი და ღვინო
ჭეშმარიტ სიყვარულს ვერ გიბოძებენ.
არამედ გმართებთ, გიყვარდეთ მოძმენი და ღმერთს შესწიროთ თავი,
ღმერთმა უწყის საზღაური თქვენი;
ეს ჭეშმარიტი არს და საყოველთაო!
ნუღარ აღვიძებ წარსულს მძინარეს,
და ნურც მომავლის სიზმრებს მიენდობი, იმოქმედე იმ ჟამში, რომელიც შენთან არს და წინსვლა გზას თავად იპოვის.

ნუ მეტყვი ცივი განსჯით
რომ სული შექმნილია მხოლოდ მიწიერი, უსიცოცხლო კანონებით და რომ ხრწნისთვისაა განწირული!
ჩემს ღმერთს, რომელმაც სიცოცხლე
და ყოველივე გვიბოძა,
მხოლოდ მას ძალუძს სულის მოსპობაც და ზეციური ნეტარების მინიჭებაც, რათა აღასრულოს აღთქმა თვისი!
მაშ, წინ იარე, ჰე, სულო, ილაშქრე! აღუდექ წინ ბოროტების ლაშქარს,
სიძულვილი და ვნება რომ ახლავს მხედრებად, იყავ ჭეშმარიტი გმირი!
არ მიატოვო შენი საგუშაგო სულთა სამეფოში, მტკიცედ იდექ, როგორც ძალგიძს,
ნუ დაუშვებ, რომ მატერიამ დაგამხოს, ჰოი, იდექ მტკიცედ, გმირო კაცო!
ჰოი, სარაგრაჰი ვაიშნავო !
შენ მშვენიერი ანგელოზი ხარ; წამიძეხ, წამიძეხ ვრინდავანისკენ
და სულის ძლიერება გამომიცხადე !
აქ განისვენებს სული ჩემი, მატერიისგან თავისუფალი, ჩემი სატრფოს მკლავებში.
მარადიული მშვიდობა და სულიერი სიყვარული —
ეს არის ჩემი ერთადერთი საგალობელი.

თარგმანი – სოფიკო დუმბაძე