დრამატურგია

ალექსანდრე გოგოლაძე 🔘მიმდევრობა

(ფსეუდო-კარადის დრამა)

მოქმედი პირები:

ანა 

მეორე ანა  

ქმარი 

უცნობი 

 ანა

მე ის ვარ, ვინც თავდაპირველად არის. მე პირველი ანა ვარ, ნამდვილი ანა. თუმცა ჩემი ქმრის თვალში ეს არაფერს ნიშნავს. მოკლედ და მარტივად? ის მეორე უკეთესია. უფრო ლამაზია. უფრო ჭკვიანია. უფრო გამგებია… ყველაფერი იმით იწყება, რომ პარალელური სამყაროდან მეორე ანა მოდის. მაშინ საშარეთის ქუჩაზე ვცხოვრობთ, სამსართულიან სახლში ბროწეულის ბაღებით. ჯერ კიდევ მახსოვს ის მზე, ბროწეულის ჩრდილი დამსკდარ მიწაზე, სიმშვიდის უცნაური შეგრძნება მოთავსებული წამში და ამასთან განფენილი მთელს დროში. ჩემი ქმარი, რომელიც მეუბნება

 ქმარი

ხანდახან დრო უნდა ჩერდებოდეს.

 ანა

და მე ვპასუხობ, რომ არა, დრო უნდა ნელდებოდეს. მახსოვს ჩამავალი მზის სისხლისფერი განფენა და ძახილი, რომელსაც მინდორში მივყვები. ბალახი მუხლამდეც კი არ მწვდება. ბიბინებს. ხმა სადღაც მინდვრის შუიდან მოდის. ნელა ვუახლოვდები. სადღაც შორს ბაყაყი ყიყინებს, უფრო ახლოს კი ჩვენი მეზობელი ხეს ჭრის. ჩემი ყურადღება წინ და უკან დახტის და ვფიქრობ კარგი იქნებოდა ჩემი ქმრისთვის რომ დამეძახა და ერთად წამოვსულიყავით. რადგან ეს ხმა, მოგუდული წივილი, მაშინებს. შუა მინდორში ფეხქვეშ მიწა მეცლება. მიწაზე ვეცემი. აბიბინებულ ბალახში ვიღაცაა. ვუჭირავ. მკოჭავს. ვცდილობ ვიყვირო. მოგუდული წივილი კი ამომდის მხოლოდ. ვძიძგილაობ. ვცდილობ თავდამსხმელი დავინახო და როცა ვხედავ, ვხევდები. მაშინ რა ვიცი, რომ პარალელური სამყაროდანაა, ამას მერე ვიგებ. მაშინ თავი სიზმარში მგონია და გაკვირვებული ვუყურებ საკუთარ თავს. ანას. მეორე ანას. ის თავზე თეთრ ტომარას მამხობს. ტომარას ფქვილის სუნი აქვს და ბავშვობას მახსენებს. ბებია ცომს ზელს. ბავშვები დავრბივართ. მშია. სარკე პირველად ვნახე. მეშინია. მეორე ანა სადღაც მიმათრევს. ბებია ცომს ზელს. მშია. სარკე პირველად ვნახე. მეშინია. მეშინია. ფქვილის სუნი სინამდვილეს ვეღარ ფარავს. მე აქ ვარ. გაკოჭილი. სუნთქვაშეკრული. მიმათრევენ. კენჭები. ქვები. ეკლები. ჩემი სხეული მინდორში მიმობნეული სამყაროს ყალიბი ხდება. შემდეგ სლიპინა ზედაპირს ვგრძნობ და იატაკის საწმენდი ჩვარი მგონია თავი. საკეტის ხმა, კარის ჭრიალი, საკეტის ხმა. ისევ სრიალი. ვიღაც უცნობი მეორე ანას ეკითხება

 უცნობი

რა ხდება, აბა?

 მეორე ანა

არც არაფერი. დავიჭირე.

 ანა

პასუხობს მეორე ანა.

 უცნობი

კარგია. მეოთხე კარადაში შეაგდე.

 ანა

ვფიქრობ რომ თავის ქნევით ამბობს ამას უცნობი. ისევ მიმათრევს. ისევ კარს აღებს, ხელ-ფეხს მითავისუფლებს და შიგნით მაგდებს. ტომარას თავიდან ვიშორებ და კეტვად კარში ვხედავ მის თვალებს. ჩემს თვალებს. შემდეგ დრო გამეორებეში იკეტება. მძინავს. ვიღვიძებ. მეშინია. მშია. მწყურია. მაჭმევენ. მასმევენ. უცხო ხალხია. არავის ვიცნობ. მე აღარ ვჩანვარ. მეორე ანა აღარ ჩანს. ყველაფერი მეორდება. აქ და ახლა. არ ვიცი რამდენი დღე გადის, რამდენი წელი. მერე კი ხმაური მოდის. ძალაუფლება მძვინვარებით უტევს უცხოებს. მათავისუფლებენ. მიყვებიან პარალელური სამყაროდან შემოჭრილ აგენტებზე. მეკითხებიან დეტალებზე. მე ბევრი არაფერი ვიცი. მეორე ანას იჭერენ. მე მიშვებენ. ჩემი ქმარი გაოგნებული დგას კარის ზღურბლზე და ახლა მე მინდა, რომ დრო გაჩერდეს, კი არ შენელდეს, რადგან ვიცი შემდეგ რაც ხდება. მე ბროწეულის ჩრდილების დღეში ვცხოვრობ, ჩემი ქმარი კი მეორე ანასთან, ჩემი გაქრობისა და დაბრუნების მონაკვეთში. მე მას ვუღიმი. ისიც მიღიმის, ნაძალადევად. ღიზიანდება. ყოველ წვრილმანზე ღიზიანდება. მელაპარაკება თემებზე, რომლებისაც არაფერი გამეგება და მოგონებებზე, რომლებიც ჩემი არაა. და მერე ახსენდება. ახსენდება, რომ მე სხვა ვარ. ის არ ვარ. პირველი ანა ვარ და არა მეორე. ბევრი ფიქრობს, რომ პირველობა კარგია. პირველს უფრო მეტი უფლება აქვს, უფრო მეტად შეუძლია გამოთქვას პრეტენზია ნამდვილობაზე. მე ამ უფლებას ვაჟღერებ, თვალზე ცრემლმომდგარი მოვითხოვ იმ ცხოვრების დაბრუნებას, რომელიც მე მეკუთვნის და ამაზე ჩემი ქმარი ფეთქდება.

 ქმარი

(ყვირის)

რა გინდა ჩემგან, რა? რას ითხოვ? მე ხომ არ ვიცოდი რომ შენ შენ არ იყავი? მასთან ყველაფერი უკეთესი იყო, გესმის? უკეთესი! მე მეგონა რომ შენ გახდი უკეთესი… აი ხომ გიყვარვარ, არა? მაგრამ მე რომ შევიცვალო, მე რომ შემცვალონ და ათასჯერ უფრო მეტად ვამჟღავნებდე იმ თვისებებს, რასაც შენ მოელი სიყვარულისგან, ხომ უფრო მეტად შეგიყვარდები, არა? ჩემი ნაკლოვანი ვერსია რაც არ უნდა ნამდვილი იყოს, რაც არ უნდა პირველი იყოს, ამით არაფერი შეიცვლება. ვიცი, რომ საშინლად ჟღერს, მაგრამ მე ვნახე თუ რა შეგიძლია იყო და რა ხარ და უკეთესობაზე თვალი როგორ დავხუჭო?

 ანა

მეუბნება ამ ყველაფერს და მთელს მის ფიზიონომიაზე ზიზღია ასახული. ის მე არ მინდობს. ის მე ანად ვერ აღმიქვამს. ის მიდის. მე კვლავ მინდა, რომ დრო გაჩერდეს. გაჩერდეს, რადგან შენელება მის სვლას არ შეცვლის. ის მიდის. დრო კი უნდა გაჩერდეს. დრო უნდა გაჩერდეს. უნდა გაჩერდეს. უნდა.

ფარდა