პროექტის შესახებ
ბოლო პერიოდში, ტელევიზიიდან ხშირად მესმოდა, D ვიტამინის მისაღებად აივანზე გადითო. ეს აუცილებელია ჩვენი სხეულისთვისო. თან მოულოდნელად ყველას ერთმანეთისგან დაშორება მოგვიწია, ესეც ჩვენი სხეულის უსაფრთხოების გამო და ამ შემთხვევაში დისტანცირება ერთმანეთის გადარჩენის საშუალება აღმოჩნდა. ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთმანეთის დაცვის საშუალება. ჩვენ, ყველა, აღმოვჩნდით რაღაც ახლის წინაშე, როცა სიტყვა, როგორც კომუნიკაციის ბირთვი გახდა საშიში, რადგან კომუნიკაცია შეიზღუდა. თითქოს აიკრძალა სიტყვა, სწორედ ის, რაც გვაერთიანებს და აარქივებს ცნობიერებას, რაც ქმნის ისტორიას. ბიოლოგიური გადარჩენა არ ნიშნავს გამარჯვებას, ეს პირველი ეტაპია და ამის მერე ისმის კითხვა: თუ რა მიმართულებით უნდა განვაგრძოთ სვლა და რა იქნება ჩვენი ეპოქის მთავარი გზავნილი დროში. სწორედ ამ კითხვებსა და თემებზე შინაგანი დიალოგის დროს გამიჩნდა იდეა, დაგეგმილიყო საუბრები და შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც იკვლევენ სიტყვას. და სიტყვით გაერთიანებულიყო აუდიტორია ავტორთან. იდეამ დამუშავების განმავლობაში შეიძინა თანამოაზრეები და მათთან დისკუსიებისა და საუბრების შედეგად უფრო დაიხვეწა, უფრო ფართო მოძრაობაში გადაიზარდა. საბოლოოდ, ჩვენ ერთად მივედით საფესტივალო ფორმატთან, რომელში მონაწილეობის მისაღებად ვეძებთ მწერლებს, პოეტებს, პროზაიკოსებს, დრამატურგებს, ვიზუალურ არტისტებს, ფოტოგრაფებსა და მუსიკოსებს. ამათანავე, ჩვენი, დამოუკიდებელი ხელოვანების მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ღია პლატფორმის შექმნას.
იდეის ავტორი და ორგანიზატორი თაკო შუკაკიძე