პოეზია

ჯუდი ლი 🔘 სიზმრები

⬛⬛⬛⬛

სიზმარი3,1415926535


ჩემი სხეული, ეს ობისფერი, ქვა მატერია
“ბინდისფერია სოფელი,
უფროდაუფრო ბინდდება,”

არის ფიქცია, არის მიზეზი სიკვდილისა
“რა არის ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,”

მე კი საკვების – მზის სხივების ნაყოფის მჯერა
და მიყუჩდება ტკივილებივით, სიცოცხლის ჩრდილი.
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,”

როცა ეძებდი უკიდურეს წყვდიად ნოტებში
შავ მღვიმეებში, ქვესკნელში – მზეებს
“სიკვდილი გზაში გიყელებს
თვალები გაავდარდება
.”
იქვე ვიყავი, შენი ძიების უტყვი საბაბი. გაიდგი ფესვი!
დაფინე ჩემზე რაც აღარ გსურს, რამაც დაკარგა
ნედლი სისხლჩქეფა, მოძრაობა, დაჭკნა, ისვენებს
“მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:”

მიწად გექცევი თუ იქნები ალი-ყვავილი
და ჩემში ფესვებს გაიდგამ ცეცხლით
“სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა”.

მოვლენ წვიმები სალბუნებად
მოვლენ წვიმები სალბუნებად,
“ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?”

მოვლენ წვიმები სალბუნებად!
შენს მცენარეულ სხეულზე შეშლის
“ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.”

ვარსკვლავებს ზეცა.

⬛⬛⬛⬛


სიზმარი 3,14159265358


პოეტი:
მე ვარ ადამიანი.
მე ვარ ყვავილში მხილველი – სიყვარულის
და სიყვარულში მხილველი
– ყვავილის მე ვარ მეტყველი ყოვლის მაგიერ,-
რაც მდუმარეა.
მე ვარ ღამით მავალი ნათელი სული.“

შოთა ჩანტლაძე


“ლოკოკინა ღმერთის ანარეკლია შენს კანზე”

ირაკლი ყოლბაია

გწერდი რომ გული
ღრუბლების სველი კუნძულებივით ფეთქავდა როცა
“ერთი ვარ,”
იისფერ წნულში ვსუნთქავდით ლექსებს
ახლა კი ტევრი შიშის აკივლდა
ამინდს წვიმები ძარღვებად უცემს.
“ერთხელ მოვკვდები,”
არაცნობიერ მღვიმეებში განდევნილ იმპულსს
ვეძებ მგელივით, მთვარის ხორცს რომ კბილი სურს გაკრას
“ერთხელ ვატირებ დედასა:”
ეს ნიშნავს გაყრას საკუთარ თავთან
ეს ნიშნავს დუმილს, ეს ნიშნავს ანა
რეკლების სიკვდილს ჩემს კანზე, არა!
“ერთხელ სჯობია სიკვდილი
ნიადაგ დაღონებასა.”
შვიდგზის შემოსილ მარადიულ დედ-მამას ვფარავ
/მე ვარ ყვავილში მხილველი სიყვა
რულისა/, /სული, ღამით მავალი, ნათელი./ – მე ვარ.

⬛⬛⬛⬛


სიზამრი3.141592653589


რატომ მივეცით ჩვენს თავს უფლება გვეთქვა რომ მწერის ცნობიერება
არ არის ფართო? რა გვესმის, რას ვგრძნობთ უკეთესად ან აღმატებით?

ავტორი


რა უჩვეულოდ მშვიდია ბუდე
რომლის ნათება აქაც კი აღწევს
მსუბუქად ვიკვლევ სახლისკენ ბილიკს
მე ჭიანჭველა. უტკბეს ბურუსად იღვრება ხმები
ბალახ-ბულახის, ხეების, მიწის
ფერად ნაკადებს საცეცებს ვუშვერ
ვცეკვავ ჰაერთან.
ათასი ფერის შემქმნელ ორკესტრებს ვუმზადებთ ნოტებს
დღეს დედოფალი სიმფონიას მოისმენს ღრმულში…
მაგრამ უეცრად, კოლონიიდან ზარები რეკენ
ეს ნიშნავს წერილს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ!
ხიფათი ბნელი, შხამიანი, ამაზრზენია
კლდოვანი გველი რომელმაც მოკლა
წყვდიადის მზემდე განზავების შესაძლებლობა
ჩაწვა ჩემსა და საფარვლებს შორის შვიდგზის დამგესლა
მე ჭიანჭველა.
განგაშის მტვერი იჭრება ტყეში! მიახლოვდება
წამომეწევა, თავზე მადგება
ადამიანი!
მგლის ყმუილივით სკდება ტკივილი
უსამართლობას შეწირული, ტყვეთა სულები
ტოვებენ შახტებს,
აიშლებიან ძილდამფრთხალი ღამურებივით.
ხანძრიანი ტყის ტკაცა-ტკუცია ჩემი ცრემლები
მეწვის ყინულის ზეცის ჩადგომა მცირე თვალებში
მზარავს ბუდემდე დაბრუნების შეუძლებლობა
და მოუხდელი ვალის სირცხვილი.
დღეს დედოფალი სიმფონიას მოისმენს ღრმულში
მე კი დავმარცხდი,
მე – ჭიანჭველა.
წარმოიდგინე დიდი, ლურჯი ზღვა, კამკამა წყლები
იფიქრე რატომ ვარსკვლავებს მუდამ მაგია ახლავთ
ჩამარხე შენი ცრემლების კვალი მცენარის ფესვთან
მოვლენ და შენს გზას გააგრძელებენ ჭიანჭველები.
მაგრამ ეს მარცხი
მაგრამ ეს მარცხი
ნიშნავს დასასრულს.
და ვრჩებით მხოლოდ:
მე – ჭიანჭველა,
ადამიანი.