პოეზია, სიახლეები

ნინო ამონაშვილი 🔘 ოთახში ვიღაც არის

 

⬛ ⬛ ⬛ ⬛

იქ, ოთახში ვიღაც არის. გადის, გამოდის, შემდეგ ჯდება,

სკამის საზურგეზე ხელს დებს, ფიქრობს… შფოთავს…

დგება და ისევ ფანჯარას უყურებს.

არავინაა მის მოპირდაპირედ.

ის იყურება პირდაპირ, შემდეგ უყურებს ძველ ნივთებს,

ჯდება და ხვდება, რომ ნახევარი მოპარული ისტორია დაკარგა,

ნახევარი ამბავი გაუფასურდა მას შემდეგ,

რაც ფანჯარას შეხედა ცარიელი თვალებით.

შემდეგ ჯდება, ეფერება კალამს ნაზად, თითით,

უბრალოდ უნდა მთელი ეს უხეში უპასუხისმგებლობა საკუთარ ნააზრევთან მას აკიდოს.

ოთახში ბნელა და სიჩუმეა, იქამდე სანამ არ აინთება შუქი,

არ აიღებენ თაროდან დღიურს, კალამს და

არ დაიწყებენ სხვისი ამბების მოპარვას.

შემდეგ ისევ სიჩუმეა, ისმის მხოლოდ ფურცელზე ხელის ფათურის ხმა

და არც ისე მკვეთრად, ისმის კალმის ძალადობის ხმა ამავე ფურცელზე,

მაგრამ ეს ის ძალადობა არაა, რომელიც გაშინებს, გაბრაზებს, გასუსტებს,

ბოლოს კი შენში ალაგ-ალაგ რჩება.

იქ ზის ოთახში ვიღაც და არასდროს უგრძვნია კაკუნი სამოთხის კარზე.

ზის და იცის, რომ გარეთ არაფერია

, ტანში უსიამოვნო შეგრძნება აქვს, თითქოს სცივა,

თითქოს არაფერი აცვია და შფოთავს.

რა დროა არ იცის, რა უნდა არ იცის, მაგრამ იღებს კალამს და ცდილობს

მოიგონოს სხვისი სურვილები.

თავი უკან გადაწია, ნივთებს შეეშვა და მიხვდა, რომ დრო იყო ხელი მუხლთან მიეტანა. 

შემდეგ გაშეშება სცადა, მაგრამ სხეული არ დუმს, სხეული არ ისვენებს…

მოდუნებას ცდილობს, ცდილობს მუხლს ხელი ფრთხილად გადაუსვას,

მაგრამ სხეული არ ფრთხილობს, არავის ერიდება.

საათს არ ნახულობს, ძილი არ უნდა, აღარც ფიქრი,

შფოთვაც იკლებს და რჩება სიცარიელე, რომელსაც სხეულთან აღარაფერი აქვს საერთო.

ყველაფერს ეშვება, ანებებს თავს სკამს, ფანჯარას აღარ უყურებს,

წყვეტს ფიქრს, აზრს წყვეტს და აღარ აინტერესებს სხვისი სურვილები,

ხელს მუხლს აშორებს, ცდილობს მზერა არსად გააჩეროს,

ახლა უკვე ცდასაც ეშვება.

გაჩერდა…

გავიდა ოთახიდან. არ დაიჯეროთ!

ასეთები ოთახებს არ ტოვებენ, არასდროს თითქმის,

ხელახლა იღებს კალამს და ატრიალებს ხელში.

შემდეგ წერტილს სვამს და თავს დაბლა ხრის.

ხვდება, რომ არ უნდა მიეტანა გულთან ასე ახლოს ამბავი, რომელიც მოიპარა,

იმდენად ახლოს, რომ წერა ასე გართულებოდა.

ეფერება მაგიდას, კალამს, სკამს და დრო დადგა

სხეულის გამოუყენებლად საკუთარ თავსაც მიფერებოდა.

ის ცდილობდა წერას, მოპირდაპირე მხარეს ვინმეს შემჩნევას,

რაღაცის გაგებას, ბოლოს კი დანებდა, არ დატოვა ოთახი,

დატოვა ყველაფერი, მაგრამ არა ის, ასეთები ოთახებს არ ტოვებენ.

⬛ ⬛ ⬛ ⬛

ქაშვეთის ეკლესიის ეზოში შესვლით მე ვადასტურებ, რომ მოვედი

და რომ ეს მოსვლა წარმავალია.

ყოველი ნაბიჯი გარშემო ყოფნის თავს მაყოფინებს შუა ეზოში

და თვალებს ვაცეცებ, რომ მივხვდე რატომ, რისთვის,

ან მაინც როდის მოვედი, მოვედი აზრზე.

წყალი, რომელიც ახლოსაა და წყალი რომელთანაც ვიღაც არის,

წყალი რომელთანაც არ ვჩერდები და სხვას დავეძებ,

კაცი რომელიც ცოცხითაა, კაცი რომელიც მე მიყურებს,

არ ჩერდება და ჩემი თვალების ცეცებას ხვდება,

მაგრამ არ იცის რისთვის, ან რატომ და რომ ეს მოსვლა წარმავალია.

მე სკამზე მჯდომი, მე პირდაპირი, ვისთან ან რატომ?

თვალებს ვაჩერებ ქვებთან უაზროდ.

მე მეშინია სინათლის ცქერის, ჯდომის შეცდომით და იმის,

რომ არ გამომრჩეს სხვა დანარჩენი ამაზე ფიქრში…

ქაშვეთის ეზოში მყოფი სკამიდან ვდგები

და ჩემი წრიალი არაფერს არ გავს,

ჩემს არცერთ წრიალს არ უჩანს ბოლო

და ეზოში სხვების წრიალიც უსასრულოა…

მე მაინც ვცდები, უაზროდ მყოფი და რომ ეს ჯდომა იქ ყოფნის წარმავალია,

რადგან სანთლებით ხელში ეს ჩემი ორგზის წრიალი,

ომი, მაინც არაფერს, არაფერს ამბობს.

მე შიგნით მყოფი, თვალებით ზევით,

გავერთე მოვლით მათი ვინც მიყვარს და შიშით იმის,

რომ მათი ყოფნაც წარმავალია.

იქ ვიღაც არის ვინც მე მიყურებს და მერიდება,

რადგან შარვალი გრძელი არ მინდა გავდეს მოუგვარებელ ამბებს  ჩემსას

და მაინც იმედზე ორის ვბედავ დარჩენას და ყურებას შუქის,

რომელიც შორიდან მოდის და არ წყანრდება.

სადღაც შუაში, თუ კი ეს შუა მართლაც არსებობს,

მამისვე ზარი მირღვევდა დუმილს,

რომელიც ელის შინ მისვლას ჩემსას, მაგრამ ყოველი ფიქრი,

შინ მისვლის არის და რომ ეს მისვლა წარმავალია.

⬛ ⬛ ⬛ ⬛

 სიყვარული, რომელიც ვერაფერს ვერ ახერხებს,

ვერც ვერაფერს ამარცხებს და სულაც შეიძლება

აღარ სურდეს რაიმე კონკრეტული, მაგრამ ასრულებს აქტს,

აქტს რომელსაც დავარქმევდი „სიცხადეს“,

რაშიც ვიგულისხმებდი იმას, რომ ის ამჟღავნებს საკუთარ არაადეკვატურ,

უსისტემო არსს და ფაქტობრივად ამბობს მთავარს,

რაღაც კონკრეტულ მოცემულობაში და საბოლოოდ რამდენიც არ უნდა უარყონ,

მაინც დარჩება მისი ნამდვილი სახე,

სადაც ის სწავლობს უნარს წასვლის, ჩარჩენის

და ცდილობს გააგრძელოს სათქმელის თქმა,

სულელურ ვითარებაში მყოფმა,

არ დაიშალოს და არ მოიქცეს სხვისი გავლენის ქვეშ,

ბოლოს კი ვერც გაერკვეს ისე დაემსგავსოს დასრულებულ ამბავს, ს

ადაც ფაქტი, არის ფაქტი, – უცვლელი, გამჟღავნებული, ან სულაც გადამისამართებული.

არ ესმოდეს, არც ისმენდეს და არც აგონებდეს ვინმეს რაიმეს,

ანუ არ ამტკიცებდეს იმას, რომ არის ფორმის და ზოგიერთი აბსურდის

ნაწილიც და მონაწილეც.

ყველაფრის მიწურულს, ყოველ ჯერზე მაინც აბრუნებდეს,

უბრუნდებოდეს და ატრიალებდეს თავდაყირა ყველაფერს,

თავდაპირველი წერტილიდან ათვისებულს.

საბოლოოდ მხოლოდ მაშინ მიიღოს „სიცხადე“, რომელიც შექმნა თავად,

როდესაც არ იკითხავს „ვის“ და „რატომს“.

გამოუყენებლად გარდაქმნას და გარდაიქმნას,

ბოლოს კი ყოველი ქმნადობა ექცეს თვისებად და დანებდეს,

ესმოდეს დანებების არსი და შეარჩიოს ცვლადობისთვის სწორი დრო.

თავად კი ისევ ვიფიქრებ შეჩერებულზე, შეწყვეტილზე და ზოგჯერ გარდამავალზე,

ვფიქრობ უაზრობაზე, აცილებაზე, გაურკვეველზე

​ და აქ არაფერი ნათელი აღარაა, არაფერი ისე აღარაა.

ყველაფერი ჩემი ქალური საბოტაჟის ნაწილია,

ყველაფერი ჩემივე თავის ნაწილია.

მე ვეძებ სასრულს, რომელიც არ აირიდებს კედლებს, საწოლს,

არ აარიდებს თავს ქუჩებს, სხვებს, დანარჩენებს, ნარჩენებს,

სასრულს, რომელსაც თან სდევს შუქი.