ნათია რობაქიძე 🔘ლექსები
(5 თვის შემდეგ)
..და სად წავიდნენ შენი სინათლის ათინათები,
რომ დაგყვებოდნენ, ტუჩის კუთხეებთან გეფერებოდნენ,
შენს თმის ღერებს ეჩურჩულებოდნენ..
..და სად წავიდნენ
და
სად გაგიქრნენ
რატომ ამოყვინთეს შენმა ჩრდილებმა,
რატომ გადაფარეს ოთახები,
რატომ გაათეთრეს თმის ღერები.
ტირილი გინდა.
მაგრამ შენი ჩრდილები ისევ-ისევ ყელში გწვდებიან
და გეტყვიან რომ ნუ ტირი, რომ აღარ არის ტირილის დრო,
რომ აღარ არის გრძნობა საჭირო,
რომ შენს ცრემლებს და შენს ღიმილებს თავი უნდა მოუყარო
და საყინულეში ცოცხლად გაყინო,
როგორც გაყინული ინგრედიენტები, უგემური კერძის მოსამზადებლად.
ახლა არ არის გრძნობების დრო და არც მყიფე ნაკვთების დრო აღარაა,
მხოლოდ პირის აპარატის მოძრაობაა ნებადართული,
რადგან ხვალ საყინულეში გრძნობებჩალაგებული,
უნდა მიხვიდე შენს ბავშვებთან და უნდა უთხრა,
რომ მათ ღმერთი ცდით, რომ ყველაფერი რაღაც-რაღაცებისთვის ხდება,
რომ მათი მამის სიკვდილიც რაღაცის გამო უნდა ხდებოდეს.
და ეს ყველაფერი უნდა უთხრა ისე, რომ ცრემლი არ მოგადგეს.
რადგან არ გაქვს უფლება იტირო, ახსნა, გაანალიზო..
ბრიყვო! მათ არც გამოცდა არ ჭირდებათ და არც ის რაღაც,
მათ უნდათ მამა, მხოლოდ მამა და არაფერი უღირით მამის სიკვდილის ფასად, არც ღმერთი და არც ის ‘რაღაც’.
შენ კი არა გაქვს უფლება, რომ იტირო და ის რაღაც ახსნა,
რადგან მათ ცეცხლში არ დგახარ და ვერც ჩადგები,
რადგან შენი ბავშვური თვალებით არ გინახავს
თუ როგორ გეცრიცება მამა, თუ როგორ იპარება ის…
თუ როგორ პატარავდება შენი ცხრამთას იქითა ზღაპრების გმირი- მამა.
არ გაქვს უფლება რომ ამ ბავშვებთან ღმერთზე ისაუბრო და უთხრა,
რომ ყველაფერი რაღაცისთვის ხდება..
მამის სიკვდილიც…
***
პისუართან ატუზული დგახარ და
ცრემლებს ყლაპავთ
შენ და პისუარი.
უცნაურია,
მაგრამ როგორ შეიძლება, შენც და ამ
ხალხსაც ერთი ღმერთი გყავდეთ…
რაც არ უნდა თქვა,
მაინც სულერთია.
ქვედა და ზედა სართულებს შორის
გაჭედილი ხარ,
ან იქნებ საკუთარი თავი თავად გაჭედე,
რადგან არც ზემოთ წახვიდე და არც ქვემოთ,
რადგან მაინც სულერთია.
რადგან ბოლოს მაინც პისუართან
ატუზული იდგები
და თქვენს წილ სამყაროს უსამართლობას
იტირებთ შენ და პისუარი,
რადგან დაგაჯერეს, რომ შენც და ამ
ხალხსაც ერთი ღმერთი გყავთ.
და ერთად უნდა ისაუბროთ,
ერთად უნდა ჭამოთ პური,
ერთად უნდა უყუროთ სამყაროს
უსინდისო მიქცევებს,
რომ ერთად უნდა გაიჭედოთ ლიფტში,
რომ ერთად უნდა იმოძრაოთ,
გინდა თუ არა,
საკითხავი არაფერია!
თქვენ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები,
შენ და ის ხალხი!
და არ არსებობს ცალკე გრძნობა,
არც დაღლილობა არ არსებობს,
როცა ერთად ხართ
და არ არსებობს ბედნიერება,
როცა მარტო ხარ, მათ გარეშე.
იქნებ ერთადაც გეცახცახათ ტირილისგან,
პისუარის წინ,
იქნებ ცალ-ცალკეც ჩაგერეცხათ
ერთმანეთის წილი ცრემლები.
მერე რა, რომ ისინი გაძალებენ,
რომ გყავდეთ ერთი ღმერთი, შენც და იმ ხალხსაც,
რომ გქონდეთ ერთი ენა,
და ერთად იყოთ გაჭედილები ლიფტში
და ცხვირში
და გონებაში.
ნუ ი მ ა ლ ე ბ ი!
დამალობანას თამაში უკვე დიდი ხანია
აგიკრძალეს,
უნდა უყურო,
უნდა უყურო,
უნდა უყურო,
და არ გაგიჟდე!
რადგან მნიშვნელობა არ აქვს,
გამოსავალი არსად წასვლაშია,
გამოსავალი არც პისუართან ტირილშია,
რადგან ისინი გაძალებენ,
დაგყვებიან და გაძალებენ,
დაგყვებიან და გაჯერებენ,
რომ შენც და მათაც ერთი ღმერთი გყავთ…
და აიტანე,
აიტანე,
ჩუმად,
უცრემლოდ.
ან იქნებ არც პისუართან არის შენი ადგილი,
მამაკაცების ყოველთვის გშურდა –
ამოიღებენ და პისუარს ჩასძახებენ დღის
ნაგროვებ ჯანქ გრძნობებს.
ამოიღებენ და დაცლიან თავიანთ მომჩვარულ
შარდის ბუშტს თავისუფლად.
შენ კი ამაზეც უნდა ჩაიცუცქო.
ირონიაა, მაგრამ აქაც კი შეცდი – არც პისუარი
არ ყოფილა მზად ცრემლებისთვის.
ამიტომაც მოგიწევს დაიჯერო,
მოგიწევს არ გაიქცე,
მოგიწევს არ შეიშალო,
რადგან ჩაგძახეს და საბოლოოდ მოვიდა დრო,
რომ აუტანლად ამოსძახო მათი სიტყვები,
რომ შენც და ამ ხალხსაც ერთი ღმერთი გყავთ –
საბოლოოდ გარკვეულია!
ახლა კი ისღა დაგრჩენია, რომ ჩაჯდე ლიფტში,
იმის იმედით, რომ სართულებს შორის გაიჭედები
და შენს საყვარელ კონცეფციას
დაეუფლები – აღარ გექნება წასასვლელი აღარც ქვევით
და აღარც ზევით.
მაგრამ ორი წუთით მოიცადე ჩემო თავო,
სანამ განცხრომას მიეცემოდე,
რა იცი?!
იქნებ აქედანაც გამოგიყვანონ..
მაღვიძარა
მთელი ცხოვრება მაღვიძარაა.
გაიღვიძე,
ტანზე მოირგე ახალი დღე,
ჩაეკვეტე,
შემოიტმასნე,
და თუ მაინცდამაინც,
ჩამოითალე შენი სხეული.
………
დაჯექი,
დამჭკნარ გულებზე დაილაგე გამხმარი მანდარინები
და მიუშვირე მზეს,
დაბერე ნესტოები
და შეისუნთქე მათი სურნელი…
იყავი გულწრფელი მანდარინის გამხმარ კანებთან
და აღიარე, თქვენი, ორივეს გაცრეცილობა
აღიარე თქვენი გამხმარი კანი
და ფიტულები, რომელშიც ცხოვრობდით,
ცხოვრობდით დიდხანს
და ეს ცხოვრება იყო უფრო ხანგრძლივი,
ვიდრე ელოდით,
ვიდრე გჯეროდათ,
ვიდრე გქონდათ საკმარისი საკვები
და გქონდათ საკამრისად ტევადი შარდის ბუშტი,
რომ ცხოვრება არ გაგპარვოდათ
შარვლის სველი ტოტებიდან,
შიშნარევი შარდის წვეთივით..
მთელი ცხოვრება მაღვიძარაა
პანტომიმა–
კარიდან ხელისცეცებით მიღწეულ შენს საწოლამდე
და ამოსუნთქვა,
როცა დაწვები
და დააგროვებ თბილ ვააკუუმს შენს ფეხებს შორის..
მთელი ცხოვრება პანტომიმაა–
დაძაბული სუნთქვა სიბნელეში, შენს საწოლამდე
და ამოსუნთქვა, როცა დაწვები
და ფეხწამოკრულ ფეხს მოიშუშებ
ამოიგებ შენს საბნის პირებს,
რომ შენთან ერთად მიიძინონ
შენმა ბავშვობის დემონებმა
შიშმა წაქცევის და
გადავარდნის
შავ სიწყნარეში,
ჩუმ დემონებში,
სადაც დღეების თბილი სიწყნარე
გეწებება და კანსაც გაძრობს.
მთელი ცხოვრებაა მაღვიძარაა,
ვერ მოძებნილი საყვარელი ხმით,
რომელიც მშვიდად გაგაცილებს
დღის მანქანისკენ,
ნამცეცებიან პირსაც მოგწმენდს,
ლოყაზეც გიჩმეტს
და თავის ხელით წყნარად ჩაგსვამს დღის მანქანაში,
დღის ხახაში,
ხელის დაქნევით მოგიშორებს,
იქ,
სადაც თავიდან აწყობ
შენს პაზლებად დაშლილ სულსა და სხეულს,
თავიდან აწყობ
შენს პაზლებად დაშლილ სიზმრებსაც,
როცა დარეკვას მაღვიძარა
და გაგამზადებს დღის წესრიგში ჩასაყენებლად.
…
შენ კი ხანდახან, შენი სისუსტით,
ხელისცეცებით,
რთავ მაღვიძარას
და რთავ დღეებსაც,
რომ საბოლოოდ მოუხსნა პირი
შენი ტკივილით გატენილ მუცელს
და ამოუშვა შავ ჩანჩქერებად,
ხანაც ნოტებად
და შეკეთებულ სიტყვებადაც კი.
რომ მოეფერო საკუთარ თავს
და დაამშვიდო:,,-არაუშავს, თუკი ისე ვერ გაგიფრთხილდნენ,
როგორც ბავშვებს,
შენ გაუფრთხილდი.“