ნინო ქოქოსაძე – არ არსებობს ავი ამბავი, სიკარგის მარცვლის გარეშე.
არ შემიძლია თქვენთან საუბარი, წლების წინანდელი მოგონებიდან არ დავიწყო. ეს ის დროა, როცა პოეზიის აღმოჩენის პროცესში ვარ. სკოლის მოსწავლე. სოფლის სკოლაში ისე მოხდა რომ ბიბლიოთეკა არ გვქონდა, როგორც კი ინტერნეტი გაჩნდა დიდი სიახლე შემოვიდა, კარი გაიღო. მაშინ urakparaki.com – ლიტერატურულ ამინდს ქმნიდა. სწორედ აქ ვიპოვე თქვენი პოეზია და ყოველჯერზე, როცა ვკითხულობდი, რაღაც ძალიან ნამდვილი და ცოცხალი იჭრებოდა ჩემს გონებაში. ინტერვიუს მზადებისას კიდევ ერთხელ გადავიკითხე ადრეული და ბოლო პერიოდში დაწერილი ლექსები და დავრწმუნდი, რომ სიტყვა ყველაზე მყარი და დროში გამოცდილი მედიუმია თქვენს ხელში, რომელსაც რაღაც საოცარ მაგიურობას სძენთ. მოგვიყევით თქვენს ურთიერთობაზე სიტყვასთან. ლიტერატურასთან. როგორ დაიწყო თქვენი პოეტური თავგადასავალი.
გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა სიყვარულისთვის და ასეთი შეფასებისთვის. ლექსების წერა იქამდე დავიწყე, სანამ წერას ვისწავლიდი. თურმე მე ვამბობდი, დედა იწერდა.
შემდეგ იყო სკოლა და არაჩვეულებრივი ქართული ლიტერატურის პედაგოგები. სასკოლო ხელნაწერი ჟურნალი “ბილიკები”. ჩვენი ლიტერატურული წრიდან არაერთი პოეტი და პროზაიკოსი გამოვიდა. კოტე ჯანდიერი, მამუკა სალუქვაძე, ზაზა მაღალაშვილი, მაკა მიქელაძე, ქეთა დიდიშვილი, ლაშა ნადარეიშვილი, ნინო სიხარულიძე…შემდეგ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე და პირველი პუბლიკაცია გაზეთში. მაგრამ ეს ისეთი დიდი ხნის წინ იყო… არც ვიცი იყო თუ დამესიზმრა. მაქვს შენახული მაშინდელი ნაწერები, სადაც გავლილი მაქვს მეოცე საუკუნის ყველა გამორჩეული პოეტის გავლენა, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, ვიპოვე აქა-იქ გაბნეული ნამდვილად ჩემი სტრიქონებიც. ამ ადრეულ პერიოდს “რენუარის ფინჯნები” დავარქვი. ცხადია არასდროს გამოვაქვეყნებ. და აი ეგრე… ვწერდი, ვწერდი და რვეულებში ვინახავდი… დღეები, თვეები, წლები… იქამდე, სანამ ლიტერატურულ საიტ “ლიტ.გე”-ს არ გადავეყარე. საიტის წევრები ნიკებით აქვეყნებდნენ ლექსებს, რეგისტრაციისას აბსოლუტურად შემთხვევით ავირჩიე “რენუარი” და ბევრი, დღემდე, ასეც მეძახის. ამ საიტზე გავიცანი დღევანდელი ქართული ლიტერატურის ბევრი გამორჩეული ავტორი, აქვე ვიპოვე ჩემი თავი, როგორც მინიმალისტმა ავტორმა. ლიტ.გეზე გაიჟღერა პირველად ჩემი მცირე ზომის ლექსის სათაურმა “მინიმა” და მერე ეს სათაური გახდა იმდენად პოპულარული რომ ახლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდება. ძალიან მახარებს ეს ამბავი. მინიმალისტური ჟანრი რა თქმა უნდა უძველესი ჟანრია, მაგრამ მას ჩემამდე, ქართულ პოეზიაში “მინიმა” არ ერქვა. ეს მე მოვიგონე და ძალიანაც მეამაყება რომ დამკვიდრდა.
პირველმა მიხო მოსულიშვილმა შემამჩნია და ინტერნეტიდან ჩემი ნაწერები ჟურნალ “ლიტერატურული პალიტრის” გვერდზე გადაიტანა, ამას მოჰყვა სხვა პუბლიკაციებიც. თითქმის ყველა ლიტერატურული გამოცემა მბეჭდავდა. 2010 წელს “საუნჯემ” გამოსცა ჩემი პირველი პოეტური კრებული “მინიმა”. ახლა ისევ შეგროვების ფაზაში ვარ. მეორე წიგნზეც ვფიქრობ დროდადრო…
როგორ შეიძლება სიტყვათშეთანხმება „თანამედროვე ლიტერატურა“ გაიშიფროს. როდესაც ეს სიტყვები გესმით, რას გულისხმობთ თქვენ, როგორც ავტორი და როგორც მკითხველი. რა ანიჭებს ლიტერატურულ ტექსტს „თანამედროვეობას“.
ვფიქრობ, კარგი ლიტერატურისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რაზე წერ! მთავარია როგორ წერ! ხოლო თუ ნაწარმოები კარგადაა დაწერილი, მაშინ ის სულ თანამედროვე ლიტერატურა იქნება.
მე ვთარგმნე ვლადიმირ მაიაკოვსკის პოემა “ღრუბელი შარვლით”, რომელიც დაიწერა 1915 წელს. 2015 წელს, ქართულ ენაზე პოემიდან ამონარიდი წავუკითხე ერთ ნაცნობ ბანკირს და იცით როგორ აღშფოთდა და გაცხარდა? გულზე მოხვდა. 100 წლის მერეც მიზანში მოახვედრა ავტორმა. თქვენ, ალბათ, ლიტერატურის თანამედროვე ფორმით გადმოცემას უფრო გულისხმობთ. მოდი, მე აქ პოეზიაზე საუბრით შემოვიფარგლები.
ეს ახალი ფორმები კი ხშირად, მოითხოვს სამკაულების ჩამოხსნას, შიშველ და შეულამაზებელ, ხანდახან უხეშ და სკაბრეზულ მეტყველებას. და მაინც…როგორ ვუყურებ მე, ფორმით თანამედროვე და შინაარსით მარადიულ პოეზიას? მოკლედ ასე თუ გიპასუხებთ: “პეკინურ იმპროვიზაციაში” ალენ გინსბერგი წერს: “მე ვწერ ლექსებს იმიტომ რომ….” და აქ მიდის ჩამოთვლა თუ რატომ წერს. და თქვენს შეკითხვაზე პასუხიც მანდაა.
როგორი იყო თქვენი, პირადი გზა ლიტერატურამდე, პოეზიამდე. თვისობრივად, რა ცვლილებები მოიტანა პოეზიამ?. როგორ მოხდა თქვენი დაკავშირდება ამ უხილავ მატერიასთან, რასაც პოეზია ქვია.
მგონი ამ კითხვაზე ნაწილობრივ ზემოთ გიპასუხეთ. ცვლილებაზე გეტყვით:ის რომ ჩემს თავს, ხანდახან პოეტს ვარქმევ, არის ჩემს მიერ დაშვებული შეცდომების გამო თავის მართლება. ადრე ასე არ ვიქცეოდი. ხანდახან ძალით ვიტკიებ თავს, მუზისგან რაიმეს გამორჩენის საბაბით .არც ასე ვიქცეოდი ადრე. მაგრამ გატყუებთ…არ მახსოვს ჩემი თავი როცა ვიყავი პოეზიის მიღმა.
თქვენი პოეზიის კითხვისას მქონია ასეთი განცდა, რომ ეს არის ძალიან ახლობელი ადამიანისთვის დაწერილი ამბების კრებული. საგულდაგულოდ შეკრებილი, ნამდვილი ამბების და შთაბეჭდილებების ტილო. როგორ ფიქრობთ, ვისთვის იქმნება პოეზია? ხელოვნება. ვისთვის და რისთვის.
პოეზია იქმნება მხოლოდ მისთვის, ვინც მას ქმნის.
ნებისმიერი მიძღვნა კრახია. ყველა შედევრს, თავის თავს უძღვნის პოეტი და თუ მერე მას “მერი” ან “ბეატრიჩე” ან “ლილი ბრიკი” აწერია, ბლეფია. გალაკტიონი მერის არ იცნობდა, ბეატრიჩე მგონი ერთხელ ნახა დანტემ და ლილი ბრიკს, მის გაცნობამდე დაწერილი პოემა გადაუმისამართა მაიაკოვსკიმ. მკითხველისთვის მიძღვნილი ლექსი ხომ საერთოდ კატასტროფაა.
ანუ მხოლოდ სიტყვით – შექმნა პროდუქტი! (დაუკვირდით სიტყვას “შემოქმედება”)და ეს ისეთი სასიამოვნო გრძნობაა, ნარკოტიკი მასთან რა მოსატანია! ამიტომაც არის ძნელი თავის დანებება .ხანდახან ხვდება პოეტი რომ აღარ გამოსდის ის, რაც ადრე…მაგრამ არ ჩერდება, ვერ ჩერდება. ზოგი თარგმანზე გადადის (თარგმნა რაღაც ჩანაცვლებითი თერაპიაა) მეტადონის პროგრამასავით.
ჩვენი დროის და გამოწვევების გათვალისწინებით, რა ფუნქციით არსებობს დღეს ლიტერატურა?. არის თუ არა ის ახლოს თავის პირვევანდელ დანიშნულებასთან. ან ეს დანიშნულება როგორ შეიძლება განისაზღვროს.
მე ვფიქრობდი, რომ ლიტერატურას აქვს უდიდესი დანიშნულება და ეს არის ადამიანში ჰუმანიზმის დომინირებისთვის ხელის შეწყობა. და დღეს, როცა უამრავი წიგნია დაწერილი ომის საშინელებაზე, ცივილიზებული სამყაროს შუაგულში ისეთი საშინელებები ტრიალებს, წერა-კითხვის უცოდინარ, კანიბალურ ტომებს რომ არ დაესიზმრებათ. ახლა ყველაფერი ეჭვის ქვეშ დგას ჩემთვის. რა შორს წავიდე? თავად მეც, ვისაც მეგონა რომ ალუდა ქეთელაურის მესმის, აღმოვჩნდი ადამიანი, ვინც სხვა ადამიანის (თუნდაც დიქტატორის და ფაშისტის) სიკვდილს ნატრობს და დახოცილი ოკუპანტების ფოტოების ქვეშ, სოც.ქსელში, მოწონების ნიშნებს სვამს! ვნახოთ რა იქნება მომავალში…რას შეცვლის მომავალ თაობებში მარიოპულზე დაწერილი წიგნები…
თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი იყავით, თბილისის, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომების დროს. ჩვენს სახელმწიფოს ჯერ კიდევ შეიძლება ახალგაზრდა ეწოდოს, ახალგაზრდა, რომელიც ომებში ჩაიკარგა. როგორია თქვენი გამოცდილებიდან დანახული ქართული სახელმწიფო, დამოუკდებლობის მოპოვების შემდეგ. როგორია ჩვენი უახლოესი ისტორია.
იცით, 90 იანებში ჩვენ გვეგონა, რომ მთავარია თავისუფლება მოვიპოვოთ და დამოუკიდებლობა გამოვაცხადოთ და დანარჩენი თავისთავად აშენდება! თურმე სად ხარ!თურმე მხოლოდ ამის მერე იწყება მთავარი, ამის მერე უნდა შრომა და თავდადება და ამის მერე უნდა სწავლა იმას, თუ როგორ გახდეს შენი დამოუკიდებლობა რეალური ! ო, რამდენი შეცდომა დავუშვით ამ გზაზე! და ახლა ვართ იქ, სადაც ვართ! უარესი მმართველობის ფორმა, ამ ეტაპზე, დედამიწაზე არ არსებობს! უარესი ვიდრე არაფორმალური ოლიგარქიული დიქტატურა. იმედი მაინც ბოლოს კვდება! მაგრამ სანამ საბჭოთა საქართველოში დაბადებული ბოლო ადამიანი არ მოკვდება (ჩემი ჩათვლით), მანამდე ვიხეტიალებთ უდაბნოში.
სიტყვებთან მაგიური კავშირის შემდეგ, იგივე კავშირით ქვებთან დაკავშირდით. როცა სოციალურ ქსელში, თქვენი ქვით აწყობილ-გაწყობილი ამბების ფოტოები მხვდება, ყოველთვის უნცაური განცდა მაქვს, რასაც ჯერ სახელი ვერ მოვუძებნე, მაგრამ ვხვდები რომ ეს ძალიან არქაული ასოციაციაა ადამიანზე. რაღაც დიდი ცოდნა ჩვენზე – კაცობრიობაზე შენახულია ამ ნივთებში. გაგვიზიარეთ თქვენი და ქვების ურთიერთობის ამბები. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ნივთმა, საგანმა ისტორია შეინახოს. თქვენთვის რა ისტორია-ამბებს ინახავს ქვა.
ოოო, ქვები ჩემი სიყვარულია. არ არსებობს ავი ამბავი სიკარგის მარცვლის გარეშე.
“პლაჟის პაზლი” პანდემიის პირმშოა. კარანტინია, ყველაფერი დახურულია. ყველაფერი შეწყდა. არ არის მიმოსვლა, ცოცხალი ურთიერთობა და ამ დროს ცხვირწინ გაქვს ხმელთაშუა ზღვა, სადაც შეგიძლია წახვიდე, ოღონდ არ უნდა დაწვე პლაჟზე რუჯისთვის, არც ძელსკამზე უნდა ჩამოჯდე, მხოლოდ სიარულია ნებადართული. დადიხარ თავჩაღუნული და უყურებ ქვებს…და უცებ ქვები იღიმიან, ცეკვავენ, არ იცავენ დისტანციას და ერთმანეთს ეხუტებიან….ასე დაიწყო ეგ ამბავი.
ამასწინათ უცნაური ქვა ვიპოვე, საუკუნეების წინ მასში ჩალექილი ალმასისთვლიანი ოქროს ბეჭდით. ქვას, მეორე მხრიდან, უძველესი ხელთნაკეთი ლურსმანი აქვს ჩალექილი. ლურსმნებს ხელით მეთვრამეტე საუკუნის მერე აღარ აკეთებენ, ამიტომ მგონია, ეს არის არტეფაქტი უძველესი ჩაძირული ხომალდიდან. ვფიქრობ იმ ქალზე, ვისაც ეს ბეჭედი ეკეთა...ვინ იყო, რა ბედი ეწია? ერთი ლექსი მაქვს "ხელუკუღმა", სადაც ქალი ზღვაში საკუთარ სამკაულებს ხელუკუღმა ყრის...შეიძლება ეს ლექსი ამიხდა, სიტყვას ხომ მატერიალიზაციის უნარი აქვს. ისიც შეიძლება, რომ ბეჭედი პოსეიდონმა გამომიგზავნა. ალბათ მოეწონა ჩემი ნახელავი. ესეც თქვენი ისტორია...მისტიური მაგრამ არა გამოგონილი.
17 მაისი 2022 წელი. ხაიფა. ისრაელი.
ინტერვიუ მოამზადა თაკო შუკაკიძემ.