ვიზუალური ხელოვნება, სიახლეები

“ყველაფერს თავისი დრო აქვს. უბრალოდ, მოთმინებაა საჭირო” – გვანცა აგირბას აფხაზური ფესვები, ომი და ცხოვრება ხელოვნებით.

“ხელოვანის ჭეშმარიტი ვალდებულება საქმისადმი ერთგულებაა. ხელოვნებაში ან ბოლომდე ხარ, ან საერთოდ არ ხარ, აბსოლუტურად კატეგორიული და რადიკალური დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხთან. უპატიებელი მგონია თითოეული გააზრებული ,,გადახვევა”.”

– გამარჯობა. მომიყევი შენ შესახებ. სად დაიბადა გვანცა, სად ცხოვრობს და როგორ?

– მოგესალმები. როგორ ვცხოვრობ ?  – ვცდილობ ვიცხოვრო ხელოვნებით. 2-3 წლიდან ვხატავ. ამავე ასაკიდან ვგრძნობდი, ეს იყო ერთადერთი, რაც მინდოდა მეკეთებინა, მთელი ჩემი არსებობის განმავლობაში. წარმოშობითა და ორივე მშობლით აფხაზი ვარ. დავიბადე სამეგრელოში,ზუგდიდში. ბავშვობა იქ გავატარე. ამჟამად, თბილისში ვსაქმიანობ. აქ დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ახლა  მე-3 კურსზე ვარ.

“თუ ნახატზე მუშაობა დავასრულე, ის უკვე მე აღარ მეკუთვნის. სწორედ აქ იწყება მთავარი – დიალოგი ნამუშევარსა და მნახველს შორის. რას დაინახავს, იგრძნობს და განიცდის მნახველი, ეს უკვე აბსოლუტურად მასზეა დამოკიდებული”.

– ჩემთვის, როგორც ხელოვნების მოყვარულისთვის, შენი ვიზუალური ენა ღრმად ექსპრესიული, პოეტური და ექსპერიმენტულია. შენს ნამუშევრებში ხშირად ვხვდები შიშს, ძალადობას, სასოწარკვეთას… მეჩვენება რომ მუდმივად “დევებთან”, “მუტანტებთან” ბრძოლაში ხარ. შენი შემოქმედება ერთგვარი პროტესტი მგონია, სამყაროში არსებული მანკიერი გამოცდილებისა თუ დამახინჯებული რეალობის წინააღმდეგ. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აღქმაა…

-. ,,მძიმე” – ეს სიტყვა ხშირად მსმენია ჩემს ნამუშევრებთან დაკავშირებით. მესმის ხალხის რეაქცია და ისიც, თუ რატომ აღიქვამენ ისინი მათ ასე. კი, ისინი სიმძიმითაა განმსჭვალული, მაგრამ სიმსუბუქის დანახვაც შესაძლებელია. რაც შეეხება პროტესტს, თავად ხელოვნებაა პროტესტი, თუმცა, ჩემს შემთხვევაში ეს არ ეხება არც სოციუმს, არც სამყაროსა და მის მდგომარეობას. მე “ვსაუბრობ” ჩემი მხატვრობით, მაგრამ თუ ნახატზე მუშაობა დავასრულე, ის უკვე მე აღარ მეკუთვნის. სწორედ აქ იწყება მთავარი – დიალოგი ნამუშევარსა და მნახველს შორის. რას დაინახავს, იგრძნობს და განიცდის მნახველი, ეს უკვე აბსოლუტურად მასზეა დამოკიდებული.

– უკრაინა. რუსეთი. ომი. არსებული ვითარების ფონზე, ხშირად მესმის ფრაზები : საქმეს გულს ვერ ვუდებ, კონცენტრირება მიჭირს, უსუსურობის განცდა მაქვს. შენი მდგომარეობა როგორია ?

“მსგავსი სიტუაციები, ომი იქნება ეს თუ სხვა ბრუტალური, უსამართლო მოვლენა, ხელის შემშლელი ფაქტორი არასდროს ყოფილა”.

– სამყაროში მრავალი უბედურება ხდება. ეს ჩემზეც მოქმედებს, განვიცდი არსებულ მძიმე ვითარებას. თუმცა, მსგავსი სიტუაციები, ომი იქნება ეს თუ სხვა ბრუტალური, უსამართლო მოვლენა, ხელის შემშლელი ფაქტორი არასდროს ყოფილა. ვცდილობ, მუდმივად მუშაობის პროცესით ვიყო დაკავებული. არაფერს, არავის ვაძლევ უფლებას, შემაფერხებელი ზეგავლენა იქონიოს ამ პროცესზე. მხატვრობა უპერველესია ჩემთვის. აი ახლაც, ჩემს ახალ ნამუშევარზე ვფიქრობ. აუცილებელი არაა, ტილოსთან იდგე. მხატვარი გონებაში სულ ხატავს.

– ალბათ რთულია ამდენ იზმთან ჭიდილი : ექსპრესიონიზმი, იმპრესიონიზმი, დადაიზმი, პოსტმოდერნიზმი, პრიმიტივიზმი, რომანტიზმი, ფუტურიზმი და ა.შ. შენთან რა ხდება : როგორია შენი ჯადოსნური სარკე, რომელშიც საკუთარ შემოქმედებას აკვირდები და რა არის შენი მთავარი გამოწვევა ამ პროცესში ?

– თვითონ ხელოვნებაა გამოწვევა. და ხელოვნებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი – დიდი რისკი. მე კი გარისკვა მიყვარს. 

– რისი გეშინია?

– ერთადერთი რამის, რომ ერთხელაც დადგება დღე, როცა ვეღარ დავხატავ.

– ტექნიკურ მხარეზე ვისაუბროთ – როგორია შენი სამუშაო მასალა?

– მიუხედავად იმისა, რომ შერეული ტექნიკით ვმუშაობ (ვგულისხმობ ამოწვას და ა.შ) ძირითადად, ჩემი ნამუშევრები ზეთითაა შესრულებული. ზეთს ამოუწურავი შესაძლებლობა აქვს და ხელს გიწყობს, აკეთო ის, რაც გინდა და როგორც გინდა.

– ოლეგ ტიმჩენკოს ნათქვამი მახსენდება : უნდა იცოდე, რა არ გააკეთო. ეთანხმები ? შენი აზრით, რა არ უნდა გააკეთოს შემოქმედმა, ვიზუალურმა არტისტმა ?

– არ უღალატოს თავის საქმიანობას. ხელოვანის ჭეშმარიტი ვალდებულება საქმისადმი ერთგულებაა. ხელოვნებაში ან ბოლომდე ხარ, ან საერთოდ არ ხარ, აბსოლუტურად კატეგორიული და რადიკალური დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხთან. უპატიებელი მგონია თითოეული გააზრებული ,,გადახვევა”.

– დღეს, ხელოვანი ადამიანისთვის (სამწუხაროდ, არა მხოლოდ მისთვის) ფუფუნებას წარმოადგენს შრომის ღირსეული პირობები და გარემო. როგორ აისახება ეს შენზე? ნამუშევრებს თუ ყიდი? 

– კი, ნამდვილად ფუფუნებაა. მაგრამ მუშაობის სურვილი იმდენად დიდია, ვცდილობ ამას სხვადასხვა სახსრებით გავუმკლავდე. ჩვენს რეალობაში, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში, ძალიან რთულია ხელოვნებისა და ხელოვანის ურთიერთობა სოციუმთან. ნამუშევრების გაყიდვაც ურთულესია, ბევრი წინაღობა იჩენს ხოლმე თავს.

– როგორია შენი გამოცდილება გამოფენებთან დაკავშირებით?

– ნოემბერში გვქონდა ჯგუფური გამოფენა სამხატვრო აკადემიაში, ჩემთვის ძვირფასი, შესანიშნავი მხატვრისა და პიროვნების, მარიამ შაქარაშვილის დამსახურებით. ეს ჩემთვის პირველი გამოფენა იყო და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

– სად შეიძლება შენი ნამუშევრების დათვალიერება ან შეძენა?

– ძირითადად, სოციალურ ქსელში.  უფრო Instagram-სა და Facebook-ზე.

მეტი ნამუშევრის სანახავად გამოიწერეთ ინსტაგრამი და ფეისბუქი ⤵️

– ვიზუალური არტისტები, არსტისტები, მხატვრები – ხომ არ დაასახელებდი ვინმეს, ვინც შენთვის განსაკუთრებით ახლობელი ან საყვარელია? რა გხიბლავს მათ შემოქმედებაში?

– ფრენსის ბეკონი ჩემთვის მუდამ გამორჩეული იყო და დღემდე ასეა, ალბათ მხატვრობის ისტორიაში მას განსაკუთრებულად გამოვყოფდი.

“არ მჯერა, რომ რაღაცები იკარგება და უჩინარდება, ყველაფერს თავისი დრო აქვს. უბრალოდ, მოთმინებაა საჭირო”.

– შენ მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრის წევრი ხარ. ამ თეატრში, მსახიობის როლის გაუქმებით და მსახიობის მიერ საკუთარი თავის თამაშით, თითქოს ხელოვანი მიღმა სამყაროსთან, ტრანსცენდენტურთან დაკავშირებას ცდილობს. მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი არ არის არც გრძნობის, არც წარმოსახვისა და არც ბრეხტიანული, ე.წ. განრიდების თეატრი. აქ მსახიობს, შეიძლება ითქვას, თამაშის როლი აქვს მინიჭებული. თუმცა, მთავარი, რაც მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, ადამიანის, როგორც სულიერი და ფიზიკური არსების წინწამოწევაა. შენ რამდენიმე პროექტში მიიღე მონაწილეობა. რას ნიშნავს შენთვის ეს თეატრი და როგორია აქ შენი “თამაშის როლი”?

– ამ თეატრში საკუთარი თავი სრულიად განსხვავებული კუთხით დავინახე. იყო მსახიობი/პერფორმერი ძალიან რთულია. მარგო კორაბლევას თეატრში  – კიდევ უფრო რთული. ცხოვრება და თითოეული ჩვენი ქმედება ხომ, ხშირად, გამოწვევაა?. ამ თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ამავე დროს, ეს ყველაფერი, საოცარი ენერგიის მომტანი აღმოჩნდა. თითოეული პერფორმანსიდან თუ რეპეტიციიდან მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ჩემთვის შეუცვლელია. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, ყველაფერი ერთგვარი თამაშია. თავად ხელოვნებასაც ასე ვუყურებ: თამაში, რომელშიც მრავალჯერ მარცხდები, თუმცა, საბოლოოდ, შენივე სურვილის, მონდომებისა თუ შრომის დამსახურებით, აუცილებლად იმარჯვებ.

არ მჯერა, რომ რაღაცები იკარგება და უჩინარდება, ყველაფერს თავისი დრო აქვს. უბრალოდ, მოთმინებაა საჭირო.

– ოცნებობ? რისკენ მიისწრაფი?

– არასდროს ვოცნებობ, ეს ჩემთვის აუხდენელთან ასოცირდება. ამიტომ, ვისახავ მიზნებს, რომლებისკენაც მივისწრაფი. გეგმები და მიზნები კი ბევრია.

ესაუბრა თამარ კორკოტაშვილი.