რაზე ვლაპარაკობთ, როცა თანამედროვე პოეზიაზე ვლაპარაკობთ
ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ყველაფერი, რაზეც ჩვენი წინაპრები ან უფრო შორს რომ წავიდეთ, ცივილიზაცია წერდა, ოცნებობდა და წარმოიდგენდა რეალური ხდება. წერილის კითხვის განმავლობაში ხშირად შეხვდებით სიტყვას „ჩვენ“, ბევრი ვიფიქრე ამ მიმართებაზე, გავიხლიჩე „მე“-სა და „ჩვენს“ შორის და ბოლოს მაინც „ჩვენზე” შევჯერდი, რასაც თავისი მიზეზები აქვს. გზადაგზა ვეცდები რამდენიმე მათგანი გამოვყო.
ალბათ პოეტისთვის მთელ შემოქმედებით ციკლში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მკითხველს, ვის გარეშეც ტექსტი მკვდარია, მაგრამ როგორც კი წიგნს ვინმე აიღებს, გადაშლის, მთავარი რიტუალის აღსრულებაც იწყება.
როგორც საგნებთან და მოვლენებთან ასევე ბგერებთან, სიტყვებთან და რაც მთავარია (ჩემთვის) მკითხველთან. ლექსების კითხვისას, რაც უფრო მეტად შედიხარ პოეტური აზროვნების ველში, კონკრეტული ხდება ზოგადი, ინდივიდუალური საჯარო. იქმნება ამბებისა და გამოცდილებების ქსოვილი, რომელიც ძალიან ნაცნობია, მაგრამ აქამდე ამ ყველაფერზე ცალკე არ გიფიქრია, შეიძლება უდროობის, ან სხვა მიზეზის გამო. უბრალოდ გამოგრჩა რაღაცეები, დაგავიწყდა, ამოგივარდა, შენი ამბები, შენი გამოცდილებები, შენი ლექსები თუ ულექსობა. ყველაფერი ვინც ხარ და როგორც მოხდა, – კრებულში ზუსტად ამაზეა საუბარი.
რაზე ვლაპარაკობთ როცა თანამედროვე პოეზიაზე ვლაპარაკობთ ხოლმე?- ჩემი პასუხი ასეთია – ადამიანზე, რომელიც გაიბნა დროსა და სივრცეში.
პოეტს მინიმალისტური ენით და მრავალშრიანი ლიტერატურული გრამატიკით მოძებნილი აქვს ზუსტი ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოს თხრობა, ამ კრებულში ლექსების თანმიმდევრობა ცალკე ლექსია, რომელიც კრებულში ფიზიკურად არ არსებობს, მაგრამ გრძნობ, რომ ის ლექსი შენთან ერთად იწერება, აქ და ახლა. ყველაფერი რაც ლექსებში ხდება, ხდება აქ და ახლა, შენთან ერთად.
პირველი სცენა სადაც ავტორს ვხედავთ, სრულყოფილად გვაცნობს იმ გარემოს და საზოგადოებას, რომელშიც ის დაიბადა. ლექსში „მანანის ფაფა“, ვხედავთ ადამიანს, რომელიც ნაადრევად გაიზარდა, უცებ, თამაშ- თამაშით ის გამოეყოფა კოლექტიურს და ხდება პიროვნების დაბადება. ლიტერატურისთვის ეს უზამრაზარი თემაა. ვრცელი ტერიტორია. როგორც კი დიაბადა ინდივიდი, ის დისტანცირდა კულტურისგან, რათა თავის თავში ახალი კულტურა გააჩინოს.
„თუ მინდა, რომ ვუყვარდე და არ მომიძულონ,
ანდა, რაც მიყვარს, არ დამინგრიონ, არ წამართვან.
არ დამიმალონ,
უნდა ავდგე და უსიტყვოდ გადავყლაპო,
რაც დადგენილი და დაწერილია
რაზეც თაობები გაზრდილან და დაბერებულან,
რაც ნაცადია“
კრებულის გულისცემა ავტორის მეხსიერებაზე გადის. საერთოდ, მეხსიერება და ხსოვნა, ის ტერიტორიაა, საიდანაც ავტორი „ამოდის“. თითქოს ავტორმა თვალები დახუჭა, ტრანსული მუსიკა ჩართო და ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში მოგზაურობისას დაწერა ეს ლექსები. და რადგან მეხსიერება ვახსენეთ და ღრმად მწამს, რომ ადამიანი ის არის, რაც მას ახსოვს, ისე, რომ შეიძლება თვითონაც აღარ ახსოვს რა ახსოვს, ავტორის მეხსიერების ბარათზე მთელი ცხოვრება და ისტორიაა შენახული. დაბადებიდან დღემდე. გზად ვხვდებით ომებს, ნგრევებს, გადატრიალებებს, უახლეს საქართველოს ისტორიას, ოღონდ ეს მოვლენები, ფონია, თითქოს კედელზე დაკიდებული წინაპრის ფოტო, რომლის წინ მისი შვილები და შვილიშვილები განაგრძობენ ცხოვრებას.
„ნანას ცხენი“ მუსიკაა ქოროსთვის. ყველა ბგერა და ამბავი, რაც ხდება, მრავალხმაშია გაშლილი, პოლიფონიაა. ამ მრავალხმიანობაში პოულობ შენს თავს, შენს მუსიკას, გესმის შენი გულისცემა, შენი ცეკვის რიტმი, თითქოს საცეკვაო მოედანზე ხარ, სადაც ყველა თავისი რიტმის პოვნას ცდილობს და სხეული ბოლომდე აქვთ მინდობილი რაღაც უხილავისთვის. ეს უხილავი, რიტუალური და დინამიური პოეზიაა. ყველაზე ცოცხალი და დინამიური ჯაზი, რომელიც ოდესმე მოგისმენია.