პოეზია

კიტა ცხომარია 🔘 სასიყვარულო განწყობა





სასიყვარულო განწყობა 3 ნაწილად

თიზერი:20 მლნ. დადასტურებული შემთხვევა,700 ათასი გარდაცვლილი, მე მიყვარხარ!

1.

მზის ჩასვლისას,
საღამოს ხეების ჩრდილები
კანალიზაციებში ჩაედინებიან.
გრიპების სეზონურ ქარებში,
ცალმხრივ ქუჩაზე ვდგავარ
და მიყვარხარ!

არა სიკვდილის,
მკვდრების  სტატისტიკაში
ყოფნის მეშინია,
მე და შენ
2 ციფრით რომ მივემატოთ 700 ათას

ცალმხრივ ქუჩაზე ვდგავარ
და მიყვარხარ!

ჩემში ტანჯვის ხმოვნების
პარალილეპიპედები.
ყველაფერი სიმეტრიას  ეძებს
რომ გაქრეს.
მხოლოდ დაუსრულებელი აზრები,
ომის გამო არეული ჩვენი ჰოროსკოპი
არსებობს
და შენ, რომელიც წახვედი.
ცალმხრივ ქუჩაზე ვდგავარ
და მიყვარხარ!

მზის დრო,
საათისაზე წინ ყოფილა
და სხივი კარს რომ ანათებდა,
თურმე შენ წასვლას
წინასწარმეტყველებდა.

ცალმხრივ ქუჩაზე ვდგავარ
ცალმხრივ ქუჩაზე ვდგავარ
ცალმხრივ ქუჩაზე ვდგავარ
და ჩემში არსებული
სიკვდილის ალბათობა,
იმ სიბნელეში მერევა
კარის გახურვისას რომ
დამიტოვე.
მიყვარხარ!

სამყაროში
ყველაფრის  ფარდობითობა.
მხოლოდ ცარიელ ქუჩაზე მდგარი მე
არის ზუსტი – “ერთი”.

წახვედი!
და სისველე, რომელიც სახეზე
დამიტოვე ცრემლიც კი არაა . –
ლორწო ჩემი ცხვირიდან ჩამონადენი,
ჯიბეში ვერცერთ ფარშევანგის
ფრათს ვერ ვპოულობ
რომ ტკივილი მოვიწმინდო.

ცალმხივ ქუჩზე ვდგავარ
და მიყვარხარ!

2.

როცა
შემზე ვწერ,
ყოველთვის დუტის სიტყვებს ვეძებ
რომ გითხრა.
რადგან ჩემი სხეული ცივია
რადგან ჩემი სხეულის ტკივილზე
მხოლოდ ალპური ყვავილები
თუ იზრდება.
სველია
ის ეზო მეზობლის,
ბავშვობისას ბურთი რომ
გადამივარდა.
ღმერთის აღმოჩნდა.
სამოთხის ბაღში ბურთი
გადამვარდნია.
მას შემდეგ სულ მცივა,
ჩემი სხეული აღდგომის
შემდეგ დარჩენილი
გვამია.
იქნებ დუტის სიტყვებით
მაინც გაგათბო,
ჩემი სხეული ცივია,
შემოდომა-ზამთრის კოლექციებში
გარეუბნებში მხოლოდ სითბოა
მოდაში,
დილაა
ნამია.
შენ კილომეტრებით შორს.
და თუ სიკვდილის კილომეტრებითაც
დაგშორდი
იცოდე
როცა დილაა
ნამია
საბნის გადაძრომისას სიცივე
შენს სხეულზე
ეს მე ვარ.

ჩემი სხეული
ცივია.

3.

ჩვენ არ ვსაუბრობთ,
რომ ერთმანეთს გავაგებინოთ.
ჩვენი სიტყვები უბრალოდ საღამოს ბრიზებია
ერთი-მეორის შიშველ სხეულზე
საქროლად ნათქვამი.

ჩვენ ვიხდით გირას სახლში,
რომელიც ჩვენი არ არის
და ვყიდით ოფისებში იმას,
რაც არ შეგვიქმნია,
ჩვენი შინაური ცხოველი –
ქუჩის მაწანწალა ძაღლებია,
სიყვარული არაფრის ფლობაა,
სიყვარული, სიყვარუსლის ფლობაც არაა
ჩვენს სამზარეულოს ტოვებენ ჭიანჭველები.
გარეუბნებში ვსეირნობთ.
ღამეა.
მათი გამუდმებული კივილი: “ეს შენი ცოლია?”
და ჩემი პასუხი “არა მას არ ვიცნობ”.

მოვდივარ სახლში, რომელიც ჩვენი არ არის,
და ვაღებ კარს, რომელსაც არ ვკეტავთ.
შენ – ჩემს წინ,
შენს უკან, 400 კილომეტრში ზღვაა.
ჩვენი სხეულების სიშიშვალეც კარია.

შემდეგ ერთმანეთს ვეხებით
და ქვედა მეზობლის ძახილი-
“ზღვის წყალს ნუღარ უშვებთო,
ვერვცურავთ!”

არ ვკეტავდით კარს და გაქრნენ კარები,
შემდეგ კედლებიც გაქრნენ,
გაქრა კორპუსი
და გამახსენდა “დიდ აფეთქებამდელი” შეხება ჩვენი,
ნაწილი რომ ვიყავით ერთის

შენ ჩემს წინ,
ჩვენი სხეულები ერთმანეთისთვის კარია.
400 კილომეტრში ზღვა თითქოს ნავს ითხოვს.
და მე გეუბნები – მე შენ მიყვარხარ
და შენ მპასუხობ – მე შენ არ გიცნობ.

გამოყენებულია ნათია საპანაძის ნამუშევარი.